პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სხვადასხვა თვალსაზრით. მათ შორის კობახიძემ გამოყო ის, რომ საქართველომ პირველად აირჩია პრეზიდენტი ქალი, რომელიც რეგიონშიც პირველი ქალი პრეზიდენტია.
რაც შეეხება არჩევნების მნიშვნელობას “ქართული ოცნებისთვის”, კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ გარკვეული გზავნილები მიიღო:
“მთავარი გზავნილია ის, რომ მოსახლეობა ჩვენგან მეტ ეფექტიანობას და პრობლემების სწრაფად გადაჭრას ელოდება, რაზე მუშაობაც ჩვენ პირველივე ტურის შემდეგ დავიწყეთ”, – განაცხადა კობახიძემ და ამის მაგალითად ვალების განულების პროგრამა დაასახელა.
წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენაზე საუბრისას, კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმამ უზრუნველყო ის, რომ საქართველოში ავტორიტარიზმი და ავტოკრატია ვეღარასდროს განხორციელდება.
“რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, მე ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ვიყავი ამ სისტემის, თუმცა მაშინ ოპოზიციამ უარი თქვა რეფორმის მხარდაჭერაზე და ჩვენ იძლებული გავხდით ორსაფეხურიანი ფორმით გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პროპორციული სისტემის უპრობლემოდ ამოქმედების ერთ-ერთი წინაპირობა ჯანსაღი პარტიული და კონსოლიდირებული სისტემების არსებობაა.
“პროპორციულ საარჩენვო სისტემას თავისი რისკები და საფრთხეები აქვს, რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, საპრეზიდენტოდან გამომდინარე ამოვიკითხე ის, რომ ეს საფრთხეები ძალიან აქტუალური იქნება 2020 წლისთვის. და თუ მე 2020 წლისთვის მინდოდა პროპორციული სისტემა, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ უმჯობესი იქნება თუ ეს სისტემა 2024 წლისთვის ამოქმედდება.
2020 წლისთვის ჩვენი პოლიტიკური სისტემა პროპორციული არჩევნებისთვის მზად ვერ იქნება, სწორედ რომ საუკეთესო ვარიანტია შემდეგი არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება და 2024-ში უკვე პროპორციულის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.