პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობაში კრიზისი არ არის, არამედ არის პროცესები, “რომელიც გადაივლის”. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, “ქართულ ოცნებას” აქვს იმის რესურსი, რომ პროცესები მაქსიმალურად მართოს, “ამაზე პასუხისმგებელი ვართ და ამ ვითარებას კრიზისს ვერ დავარქმევდი”, – განაცხადა კობახიძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიასთან დაკავშირებით, კობახიძე აცხადებს, რომ ამ თემაზე გუნდში აზრთასხვადასხვაობა არსებობს, როგორც პროცედურებთან, ასევე თავად სიასთან დაკავშირებით, რაც კობახიძის შეფასებით ჯანსაღი და დემოკრატიული პროცესია.
“წარსულს ჩავაბარეთ, როდესაც პარლამენტის წევრები ღილაკზე თითის დაჭერით იყვნენ მხოლოდ დაკავებულები. ეს საკითხი დაკავშირებულია მსჯელობასთან და დისკუსიასთან. აქედან გამომდინარე სხვადასხვა მოსაზრება იყო გუნდის შიგნით, ჩვენ თითოეული დეპუტატის მოსაზრებას პატივს ვცემთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომაზე განცხადებას, კობახიძე ამბობს, რომ მასზე უფრო მაღალი თანამდებობის პირებსაც ჰქონდათ მოსამართლეების სიაზე განსხვავებული პოზიცია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ ეკა ბესელიამ მიიღო.
კობახიძე განმარტავს, რომ მოსამართლეების სიასთან დაკავშირებული პროცესების შეჩერება ბესელიას წასვლაზე არ იყო დამოკიდებული, რადგან ზუსტად წინა დღეს, პარლამენტმა ეს პროცესი ისედაც შეაჩერა.
“რაც შეეხება ეკა ბესელიას წასვლის მიზეზებს, კობახიძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი არ სურს, რადგან ეს “შიდა სამზარეულოა. მესმის რომ საზოგადოებას აინტერესებს, მოგვიანებით შეიძლება გავიაროთ გუნდის შიგნით და ვთქვათ… სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა გუნდური მუშაობის აუცილებლობასაც.
ბესელიამ გადადგომაზე განცხადება 27 დეკემბერს გააკეთა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით გუშინ შეჩერდა პროცესი, რომელიც, მისი აზრით, საზიანო იყო და შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის “ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს”.
24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.
კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
სიამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში კრიტიკა გამოიწვია. 26 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს.