„ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება არსებობს და ყველამ იმის ფარგლებში უნდა იმოქმედოს, სასულიერო პირმა თუ მთავრობის წარმომადგენელმა. როდის აქეთ იყო, რომ ეკლესია განსაზღვრავდა ქვეყანაში პოლიტიკურ თანამდებობზე ვინ დაინიშნოს და ვინ არა?
„არ ვიცი რა პრეტენზიები აქვს მეუფე იაკობს გახარიასთან და არც ის ვიცი, გახარიას ნიშნავენ თუ არა პრემიერად, მაგრამ როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს, მაშინ მას არგუმენტი უნდა ჰქონდეს," - ასე აფასებს პატრიარქის ქორეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერ-მინისტრის პოსტს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემები ექნება. ამის შესახებ „ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.
ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თუკი მეუფე იაკობს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია აქვს შინაგან საქმეთა მინისტრის შესახებ, საჯაროდ უნდა თქვას. როგორც მან „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, მსგავსი განცხადებების გაკეთება საეკლესიო პირისგან მიუღებელია.
„ზოგადად, ეს მაინც არ არის მისი (მეუფე იაკობის) საქმე, მაგრამ თუკი რაიმე ისეთი ინფორმაცია აქვს, რაც საზოგადოებამ არ იცის, შეიძლება ეს ინფორმაცია გაახმოვანოს. მეტი შეხება ეკლესიას ხელისუფლებასთან ამ მიმართულებით არ შეძლება ჰქონდეს და წესით, არც უნდა ჰქონდეს.
„უცნაური განცხადებაა, სრულიად მოულოდნელი და გაურკვეველი. უნდა ითქვას რა პრეტენზიები აქვს, თუ ასეთი არსებობს, გახარიასთან მეუფე იაკობს და არა ეკლესიას.
„ჯერჯერობით მეუფე იაკობი საქართველოს ეკლესიას არ წარმოადგენს. თუ ეკლესიას ვინმესთან რაიმე სათქმელი აქვს, ეს მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქმა უნდა გააკეთოს და არა რომელიმე მღვდელთმთავარმა, ვინც არ უნდა იყოს ის," - აღნიშნა ძაბირაძემ.
იგი მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის განცხადებაზე საპატრიარქო რაიმე რეაგირებას მოახდენს.
„არ მგონია, რომ საპატრიარქომ ამაზე რეაგირება არ მოახდინოს, ისევე, როგორც ხელისუფლებამ და არასამთავრობო სექტორმა. თუ შენ ახლა ამას დაუშვებ, რომ ასეთი განცხადებები ეკლესიამ გააკეთოს, ეს ნიშნავს, რომ ეკლესია საერო საქმიანობაში ერევა. ჩვენ არ ვართ თეოკრატიული სახელმწიფო.
„სრულიად აბსურდული რამეა. ცალკეულ პირებს, ისევე როგორც ეკლესიის წარმოამდგენლებს, განცხადების გაკეთების უფლება აქვთ, მაგრამ არა ეკლესიის სახელით. ეკლესია ეს ინსტიტუტია და ამ ინსტიტუტის სახელით თუ რაიმე განცხადება უნდა გაკეთდეს, ეს საპატრიარქომ უნდა გააკეთოს და არა რომელიმე წარმომადგენელმა, თუნდაც მღვდელთმთავარმა," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.