„ძალიან მიმძიმს... საპატრიარქო პოლიტიკაში ნაკლებად უნდა ერეოდეს,“ - ხაბარელი მეუფე იაკობის განცხადებაზე

„ძალიან მიმძიმს... საპატრიარქო პოლიტიკაში ნაკლებად უნდა ერეოდეს,“ - ხაბარელი მეუფე იაკობის განცხადებაზე

„ძალიან მიმძიმს საპატრიარქოზე რაიმე ვთქვა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ პოლიტიკა ისეთი საკითხია, საპატრიარქო, გარკვეულწილად, ცოტა ნაკლებად უნდა ერეოდეს. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ჩემთვის ცოტა მძიმეა საპატრირქოსთან მიმართებაში რაიმე ვთქვა. ამ საკითხის უფრო სიღრმისეულად განსჯისაგან თავს შევიკავებდი," - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საპატრიარქოს ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადების კომენტირებისას.

ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ თუკი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, მთავრობას ეკლესიასთან სერიოზული პრობლემები ექნება.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრთან ნორმალური ურთიერთობა არ აქვს, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს, - ამის შესახებ ქორეპისკოპოსმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

„გიორგი გახარიასთან მე არა მაქვს ნორმალური ურთიერობა. არ არის ისეთი რაღაც, ვიღაცას რაღაც ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის. კანონპროექტზე არ გეუბნებით, სხვა რამე, იცის თვითონ. კანონპროექტი ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც აპირებდა. ხელმძღვანელობამაც რომ გაუგოს, ალბათ, მოიშორებენ. გახარია ჩვეულებრივი მოსკოვის კაცი არის ჩემთვის. თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებ რა იმიდან," - განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდეს, როგორც ამას ამბობენ, ქორეპისკოპოსმა, განაცხადა:

„თვითონ შეხედოს გახდება თუ ვერ გახდება. ვერ გახდება, თუ მაგი გახდა, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება," - აღნიშნა მეუფე იაკობმა.