პაატა ბურჭულაძის რუსეთში იური ტემირკანოვის საიუბილეო საღამოზე გამოსვლას ცნობილი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე ეხმაურება. მისი თქმით, ბურჭულაძეს სხვა არავითარი მიზეზი ჰქონდა, გარდა იმისა, რომ „ჩასულიყო და თავის საუკეთესო მეგობრისთვის იუბილე მიელოცა".
იური ტემირკანოვი საქართველოში 2008 წელს სწორედ პაატა ბურჭულაძის მოწვევით იმყოფებოდა. ის არაჩვეულებრივი ადამიანი და მუსიკოსია! ამიტომაც პაატა ბურჭულაძე თავის მეგობართან იმყოფებოდა დაბადების დღის მისალოცად, სადაც დარბაზში ვლადიმირ პუტინიც აღმოჩნდა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბატონ პაატას სხვა არაფერი მიზანი არ ჰქონია გარდა იმისა, რომ ჩასულიყო და თავის საუკეთესო მეგობრისთვის იუბილე მიელოცა!
ის თავდასხმა, რაც ბატონ პაატაზე ვნახეთ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რაც შენი საქმე არ არის, იმას არ უნდა გაეკარო. თუ პოლიტიკაში მიდიხარ, თან ისეთ ხალხთან, რომლებიც საზოგადოებაში ჯალათებად მოიაზრებიან, ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდე, ისიც წინასწარ უნდა გათვალო სად ჩადიხარ და ვინ შეიძლება იქ დაგხვდეს...
თუ წინასწარ არ იცი, როცა დაინახავ, მაშინ შესაბამისი რეაქცია მაინც უნდა გამოხატო, თუ პოლიტიკაში ხარ! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკურ განცხადებებს რომ არ აკეთებდეს და მხოლოდ ხელოვანი იყოს, მაშინ ხმას ვერავინ ამოიღებდა! სცენიდან დაინახა პუტინი, უკან ვერ გაბრუნდებოდა და თავის უახლოესი მეგობრის პატივისცემის გამო იქ სკანდალს ვერ ატეხდა. მაგრამ პოლიტიკურად ეს სხვაგვარად ჩანს და ადამიანს ხშირად იმას წამოაძახებენ ხოლმე, რაშიც დამნაშავე ნამდვილად არ არის!", - ამბობს ჭიჭინაძე „კვირის პალიტრასთან".