"დავით აღმაშენებლის ძეგლი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ქალაქის ცენტრში, ეს მნიშნვლეოვანია ჩვენი ისტორიისთვის" - აცხადებს კინორეჟისორი გოგი თორაძე.
"ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა, მსოფლიო ჩემპიონმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გურამ გედეხაურმა შემომთავაზა გადამეღო სატელევიზიო ფილმი დავით აღმაშენებელზე. ფილმზე მუშაობა დავიწყე.
"ბოლო სცენა უნდა იყოს დავით აღმაშენებლის ძეგლის დაბრუნება ქალაქის ცენტრში, მაგრამ ფილმს ვერ ვამთავრებ, რადგან ძეგლის გადმოტანის პროცესი ჭიანურდება.
"არადა, ამ საკითხზე ზრუნვა, ხელმოწერების შეგროვება ჯერ კიდევ ნარმანიას მერობის დროს დავიწყეთ, ძალიან ბევრმა რეჟისორმა, მხატვარმა, არქიტექტორმა და საზოგადოების წევრებმა მოაწერეს ხელი, რომ ძეგლი უსამართლოდ იყო გადატანილი ქალაქის გარეუბანში, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, სადაც მისვლა და პატივის მიგება უჭირთ, როგორც თბილისელებს, ასევე ჩამოსულ სტუმრებს.
"მერიიდან მომდის მხოლოდ წერილები, რომ ვმუშაობთ ლოკაციაზე, სად უნდა დაიდგას ძეგლი. ამჯერად მოვამზადეთ წერილი თბილისის საპატიო მოქალაქეების ხელმოწერით, რომლებიც ასევე ითხოვენ ძეგლის ქალაქის ცენტრში დაბრენებას.
"ახალი წლის შემდეგ ვაპირებთ შევიტანოთ ქალაქის მერიაში. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ცნობილი არქიტექტორი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი ვახტანგ დავითაია, იგი უკვე შეხვდა ქალაქის მერს კახი კალაძეს.
"დავით აღმაშენებლის ძეგლის ქალაქის ცენტრში დაბრუნება მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, რადგან სწორედ მეფე დავითით ვიწონებთ თავს საუკუნეებია ქართველები.
"მეფემ, რომელმაც ამედენი ომი მოიგო, ქვეყანა გაამთლიანა, დედაქალაქი თბილისში გადმოიტანა, ჩვენ კი ასე უსამართლოდ მოვექეცით..
"ჯორჯ ვაშინგტონის ან ნაპოლეონის ძეგლს ვინმე გადაიტანდა ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში. ჩვენ რა გვჭირს, ასე რომ არ ვაფასებთ ჩვენს ისტორიას. სულ ახლახანს უცხოეთში გამოქვყნდა კვლევა, სადაც შეყვანილია მსოფლიოს 300 ცნობილი მხედართმთავარი, გამოკითხვებით, პირველ ადგილზეა მაკედონელი, მეორე ადგილზე დავთი აღმაშენებელი და მესამე ადგილზე ნაპოლეონი.
"ფილმს, რომელსაც პირობითად თავით აღმაშენებლის დაბრუნება ჰქვია, მაინც დავამთავრებ, მაგრამ, ბოლო სცენა როგორი იქნება არ ვიცი, თუ დადებითად არ გადაწყდა, მაშინ დავფიქრდები, რა სახელი დავარქვა"- განაცხადა "რეზონანსთან" გოგი თორაძემ.