“ოცნებაში” ერთმანეთი არ უყვართ, მაგრამ დაშლაზე საუბარი არასერიოზულია

“ოცნებაში” ერთმანეთი არ უყვართ, მაგრამ დაშლაზე საუბარი არასერიოზულია"

არის თუ არა მმართველ გუნდში განხეთქილება? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად "რეზონანსი" პოლიტოლოგს გია ხუხაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, გუნდის წევრებს უბრალოდ ერთმანეთი არ უყვართ და "ქართული ოცნების" დაშლაზე კი საუბარი არასერიოზულია.

"რბილად რომ ვთქვათ, გუნდში რომ ერთმანეთი არ უყვართ დიდი ხანია ცნობილია. მაგრამ ბესელიას გადადგომას მე ვერ დავუკავშირებდი გუნდში განხეთქილებას და რაც არ უნდა არ უყვარდეთ ერთმენეთი, ამ გუნდის დაშლაზე საუბარი, ჩემი აზრით, არასერიოზულია.

ბესელიას გადადგომა-არგადაგომა ჩემთვის ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ზარდიაშვილის გადადგომა. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ფაქტი იყო ჩემთვის," - განაცხადა გია ხუხაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას მიერ წარდგენილი წლიური ანგარიში მმართველი გუნდის წევრებმა გააკრიტიკეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მან ვერ დაინახა ხედვა, თუ როგორ აპირებს მათი პოლიტიკური გუნდი კეთილდღეობის შექმნას, ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას მეთაურობით.

ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილმა კანდიდატებმა მმართველ გუნდში უკმაყოფილება გამოიწვია. სწორედ წარდგენილ კანდიდატებს უკავშირდება ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომა.

მისი თქმით, მოსამართლეების სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, არიან ის ადამიანები, რომლებიც მისი შვილის, ძმის და მისი თანაგუნდელების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები.