რა განაცხადეს ფეიქრიშვილების მკვლელობაში ბრალდებულებმა პროცესზე?

რა განაცხადეს ფეიქრიშვილების მკვლელობაში ბრალდებულებმა პროცესზე?

წავკისში სასტიკ მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებულ სამივე პირს, გიორგი აბულაძეს, ნიკოლოზ აბულაძეს და ანრი ყურაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

როგორც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განმარტა, დაკავებული მამა-შვილიდან მამა, ნიკოლოზ აბულაძე წარსულში ნასამართლევია, მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული, ის მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გათავისუფლდა.

რაც შეეხება ბრალდებულებს, "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, ისინი პროცესს ესწრებოდნენ, თუმცა სიტყვა მხოლოდ ანრი ყურაშვილმა წარმოთქვა.

"საზღვარგარეთ არ მივდიოდი, არც ჩანთა მქონდა არც არაფერი და როგორ უნდა წავსულიყავი ქვეყნიდან?" - განაცხადა ყურაშვილმა.

მოსამართლე მისგან დაინტერესდა, იცოდა თუ არა მან მომხდარის შესახებ, ყურაშვილმა უპასუხა, რომ არაფერი იცოდა. მოსამართლის კითხვაზე, როცა მის მანქანაში სისხლიანი ადამიანები ჩასხდნენ, რატომ არ კითხა მათ რა მოხდა, ყურაშვილმა უპასუხა: "მე ვკითხე გიორგის რატომ ჰქონდა ტანსაცმელი სისხლიანი, მაგრამ ამაზე პასუხი არ გაუცია".

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ აბულაძის მეორე ვაჟი, ალექსანდრე აბულაძე, რომელიც ასევე იმყოფებოდა შემთხვევვის ადგილას და ბრალი წარდგენილი არ აქვს, მიმალვაშია.