საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძის მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:
"ნამდვილად აღარ მეცინება და ვეღარც ვბრაზდები, უფრო რაღაც უცნაური შიში მიპყრობს ამ ადამიანებს რომ ვუყურებ. ჯერ იყო და, დილას იმ ხეზე შერჩენილი მომიტინგის ვიდეო გადმომიგზავნეს. ვუსმინე და დადგმული მეგონა. თურმე ნამდვილია.
მერე იყო და, ეს ვიდეო ვნახე, მტკვარში გადახტომით. ეს საერთოდ კატასტროფაა. ნახტომი პოლიტიკური მიზნებით ყოფილა განპირობებული. რაღა ასეთ ყინვაში ჩახტა მტკვარში, რამ მოაფიქრათ. ან როგორ დაგეგმეს ასეთი რამ.
პარალელურად ეთერებიდან ნაცები ამტკიცებდნენ, რომ მომიტინგეებმა სწორად სცემეს პოლიციელები და დაამტვრიეს პოლიციის მანქანები, რადგან თელავში არ შეუშვეს ინაუგურაციის ჩასაშლელად.
ნიკანორ მელია პოლიციის მანქანებს ამოწმებდა, მათ ოპერატიულ მანქანებს უთითებდა სად მდგარიყვნენ, საბუთებს ნახულობდა და მობილურებიდან დანარეკის გაშიფვრას ითხოვდა.
გრიგოლ ვაშაძემ დავით კირკიტაძე პოლიტპატიმრად შერაცხა. სწორიცაა, რადგან ყველამ დაინახა როგორ ურტყამდა მას ავტობუსი და მასში მჯდარი პოლიციელი.
გაერთიანებული ოპოზიციის ეს საოცარი თავგადასავალი დააგვირგვინა რუსეთთან ბრძოლაში გრიგოლ ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის მედგარმა თანამოსანგრემ, მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც თავისი სიმღერით პირდაპირ გულში დაჭრა პუტინი.
მოკლედ, სრული ფანტასმაგორიაა, შიზოფრენია გამწვავებული ფორმებით", – წერს მანჯავიძე.