"შერჩევითი სამართალი" და "სამაგალითო დასჯა": კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას იურისტები აფასებენ

შერჩევითი სამართალი და სამაგალითო საჩვენებელი დასჯა - ასე აფასებენ ოპოზიციის ლიდერები დავით კირიკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას.  იურისტები კი ამბობენ, სს კოდექსში ნათლად არის გაწერილი, რომ მოსამართლემ წაინასწარი პატიმრობის ფორმა განსაკუთრებულ და უკიდურესად აუცილებელ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს. იურისტებიდ თქმით, კირიკიტაძის საქმიდან და ბრალდებიდან გამომდინარე ეს აუცილებლობა არ არსებობდა.  

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობას კი პროკურატურა ბრალდებულის მხრიდან გირაოს გამოყენების პირობის დარღვევით ასაბუთებს. როგორც საქმის პროკურორმა განმარტა, დავით კირკიტაძეს 2015 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო, თუმცა მან ჩაიდინა დამატებით დანაშაული, რის გამოც დადგა მისი პატიმრობის აუცილებლობა.

„პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დავით კირკიტაძის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა.  ჩვენ აღნიშნულს  ვასაბუთებდით შუამდგომლობაში აღწერილი გარემოების მიხედვით. მას 2015 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით  შეფარდებული ჰქონდა გირაო 10 ათასი ლარი ოდენობით. მან დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, იმხილება ახალი დანაშაულის ჩადენაში,“ - თქვა პროკურორმა.

კირკიტაძის ადვოკატები, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით 48 საათში გაასაჩივრებენ. უფლებადამცველები დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„სიმბოლური იყო, რომ მოსამართლემ ადგილზე თათბირით გამოიტანა გადაწყვეტილება. ესეც ბევრის მეტყველია - მაშინ, როცა დაცვამ წარუდგინა უამრავი ახალი ინფორმაცია, წარუდგინა 30-მდე დეპუტატის თავდებობის  წერილი, რომელიც მინიმუმ გაანალიზებას საჭიროებდა. ძნელი წარმოსადგენია, რას დაუდებს პატიმრობის გამოყენებას, რომ თუ არა პატიმრობა კირკიტაძე მიიმალებოდა, ან ზეწოლას მოახდენდა მოწმეებზე, მაშინ როცა ყველა მოწმე პოლიციის თანამშრომელია. ის ბრალდება, რასაც ედავებიან, აღბეჭდილია ვიდეოკადრში,“- ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

სასამართლოს კი დავით კირკიტაძემ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის სტანდარტი“ - ასე აფასებს ის  იმ ბრალს, რომელიც მას ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე წარედგინა.

კირკიტაძე ამბობს, რომ ის გომბორის უღელტეხილზე მდგომ პოლიციელთა მოთხოვნას დაემორჩილა, რაც იმის დასტურია, რომ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის განზრახვა არ ჰქონია. მისი თქმით, ველისციხეში პოლიცია უკანონოდ მოქმედებდა.

„როდესაც პოლიცია მოვა და უკანონო ქმედებას ჩაიდენს, მას წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიო. ესეც სტანდარტია, ოღონდ ჩრდილო კორეის, რუსეთის და იმ ქვეყნების, რომელ ქვეყნებშიც ცხოვრება მე არ მინდა... რაც დაგვხვდა ველისციხეში ის იყო უკანონობა,“- განაცხადა კირკიტაძემ სასამართლო დარბაზში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა ოქრიაშვილი კირკიტაძისთვის საპატიმრო სასჯელის შეფარდებას კრიტიკულად  აფასებს. მისი თქმით, კირკიტაძის წინააღმდეგ სამართლებრივი რეაგირება უნდა მომხდარიყო, თუმცა ამ ტიპის მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამართლებულად არ მიაჩნია.

მან ასევე გაიხსენა ბოლო პერიოდში საჯარო მოხელეებზე მომხდარი თავდასხმები, რომელში მონაწილე პირებსაც სასამართლომ არასაპატიმრო სასჯელი შეუფარდა და სწორედ აქედან გამომდინარე მიიჩნევს, რომ კირკიტაძესაც ან გირაო ან შინაპატიმრობა უნდა შეფარდებოდა.

იურისტი ლევან ალაფიშვილი კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მიუხედავად წარდგენილი ბრალისა, კირკიტაძის საპატიმროში დატოვება სამართლებლივად მიუღებელია, რადგან ეს უკიდურესი ღონისძიებაა და თავისი შინაარსით სასჯელს არ უნდა დაემსგავსოს.

მისი თქმით, ეს არის ევროპული სტანდარტი და მგსავსი ბრალდების დროს, მოსამართლეები აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას იშვიათად იყენებენ.

„არავინ არ დაობს იმაზე, რომ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან ფიზიკური შეურაცხყოფა დანაშაულია. თუმცა დანაშაულის დასჯის ფორმებიც ხომ ადეკვატური უნდა იყოს. მოსამართლეს ბრალდებიდან გამომდინარე არ ჰქონდა საფუძველი, რომ ის პატიმრობაში დაეტოვებინა. სისხლის სამართლის კოდექსში ნათლად არის გაწერილი, რომ პატიმრობა, როგორც აღკვეთი ღონისძიება უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული. მოსამართლეს სრულიად თავისუფლად შეეძლო ან გირაო ან შინა პატიმრობა შეეფარდებინა.

ასეთ შემთხვევაში, როდესაც პროკურატურა მაინც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას უფარდებს, ეს უფრო დასჯის  დემონსტრირება იყო. მითუმეტეს წინა დღეებში გაკეთებულ გახარიას განცხადებებს თუ გავიხსენებთ, რომ ის პოლიციას არავის დააჩაგვრინებს. მესმის დანაშაული და ამაზე არავინ არ ვდაობთ, თუ კრიკიტაძემ დანაშაული ჩაიდაინა მან პასუხი უნდა აგოს, თუმცა კანონით სრულიად თავისუფლად შეეძლოთ, რომ მისთვის პატიმრობა არ აღეკვეთათ“, - აცახდებს ალაფიშვილი „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ ეს ე.წ. დამსჯელი ღონისძიება იქნებოდა, რადგანაც იგივე პოლიციელის ცემისთვის და წინააღმდეგობის გაწევისთვის სხვა საქმეებზე აღკვეთის სახით პატიმრობა შეფარდებული არ ყოფილა. რაც შეეხება გირაოს დარღვევას, რომელიც არგუმენტად პროკურატურამ მოიყვანა, ალაფიშვილი ამბობს, რომ ეს უფრო თავის მართლებას ჰგავს, რადგანაც 2015 წლიდან ამ გირაოს წესით თავისი ვადები აქვს და ასეთ შემთხვევაშიც ეს მყარი არგუმენტი ვერ იქნება.

იურისტი გელა ნიკოელიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ წინასწარ პატიმრობაში ადამიანის დატოვებას თავისი საფუძვლები აქვს. ამ დროს რელურად არ იხილება პირმა დანაშაული ჩაიდინა თუ არა, იქ საუბარია, რომ ადამიანი, რომელიც დაკავებულია, ხომ არ დაემალება გამოძიებას, შეიძლება თუ არა, რომ  მტკიცებულებები გაანადგუროს  და ახალ დანაშაულს ხომ არ ჩაიდენს.

„მსგავსი დანაშაულის  დროს ეს კანონშიც წერია და ევროპული სტანდარტიც ასეთია, რომ უფრო გირაოს ან თავდებობას უნდა იყენებდნენ. მართალია, მას 30 დეპუტატი თავდებში ჩაუდგა, მაგრამ ჩვენთან ამას მაინც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, რადგანაც თუ პირმა თავდებობის დროს რამე დააშავა, თავმდებელი ამ შემთხვევაში პასუხს არ აგებს. თუმცა კანონი რადგანაც ითვალისწინებს, ესეც არგუმენტია. ზოგადად მარტო კირკიტაძესთან დაკავშირებით არ ხდება მსაგვსი რამ. 90%-ი საქმეების დროს, მოსამართლე პატიმრობას იყენებს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი პრეცედენტია.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ მოსამართლეები პროკურატურის წინააღმდეგ წასვლას თავს არიდებენ. კანონი პირდაპირ ამბობს, რომ თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევა ან აუცილებლობა არ არის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ნაკლებად გამოიყენეთ. კირკიტაძის საქმეში რაიმე განსაკუთრებული არ ყოფილა, მესმის, პოლიციელის შეურაცხყოფა უკვე მძიმე დანაშაულია და მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაემუქროს, მაგრამ მაინც არ არის ისეთი კატასტროფა, რომ ის პატიმრობაში დარჩენილიყო. მითუმეტეს კირკიტაძისთვის არ უნდა მიეცათ პატიმრობა, რადგანაც მას პოლიტიკური სარჩელი დაედებოდა და თავად პროკურორების  ინტერესშიც ეს უნდა ყოფილიყო“, - აცხადებს იურისტი „რეზონანსთან“.