დავით ოქიტაშვილი:

დავით ოქიტაშვილი: "ღმერთმა დამიფაროს ნინო ანანიაშვილის ოპერიდან გამოგდება, მე ეგ არ მიგულისხმია"

დავით ოქიტაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ უხერხულია, როდესაც ოჯახის ერთი წევრი ხელისუფლების დამხობისკენაა მიმართული, მეორე წევრი კი ამ ხელისუფლებისგანვე ხელფასს იღებს. ამბობს, რომ მისი განცხადება არასწორად იქნა გაგებული და არ უგულისხმია, რომ ანანიაშვილმა ოპერის თეატრი უნდა დატოვოს.

"მე როგორც ჩვეულებრივმა, რიგითმა ადამიანმა დავაფიქსირე ჩემი აზრი, ჩემი ღრმა პატივისცემა ქალბატონი ნინო ანანიაშვილისა და მისი შემოქმედებისადმი. მე ვიგულსიხმე, რომ როდესაც მისი მეუღლე მოუწოდებს ხელისუფლების დამხობისკენ, ხელისუფლებას კრიმინალებს უწოდებს და ამბობს, რომ მას აღარ შეუძლია ამ ქვეყანაში ცხოვრება და ამ დროს ქალბატონი ნინო იკავებს ამხელა თანამდებობას ოპერაში, თქვენ ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? მე გადავდგებოდი და ვიქნებოდი ჩვეულებრივი რიგითი პედაგოგი ოპერაში. როდესაც ოჯახის წევრი ითხოვს ხელისუფლების დამხობას, რაღაც უხერხულია. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სიტყვის გამოხატვის საშუალება. მე ეს ვიგულისხმე, თორემ ღმერთმა დამიფაროს ნინო ანანიაშვილის ოპერიდან გამოგდება, მე ეგ არ მიგულისხმია. მე ვიგულისხმე ის, რომ რაღაც უხერხული სიტუაციაა, როდესაც ოჯახის ერთი წევრი ამბობს, რომ უნდა დავამხო ეს ხელისუფლება და ოჯახის მეორე წევრი ამ ხელისუფლებისგან იღებს ხელფასს," -განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პაიკია, რომელიც იმას იტყვის, რასაც ივანიშვილი დაავალებს.

ეს განცხადება მან ოქიტაშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით დააკეთა, რომ ნინო ანანიაშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა დატოვოს. ამ მოთხოვნით მან ორშაბათიდან პერმანენტული აქციები დაანონსა.

"ქვეყანაში აქცია მსგავსი მოთხოვნით არანაირი მასშტაბით არ შეიძლება იყოს ორგანიზებული თუ ამის უკან არ დგას პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება". ვინ არის ოქიტაშვილი? ოქიტაშვილი არის ვიღაცა პაიკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი რასაც უნდა იმას ათქმევინებს.

მსგავსი რამ ალბათ მხოლოდ ისეთ ქვეყანაში შეიძლება ხდებოდეს, რომელიც ტოტალიტარული პოლიტიკური სისტემაა, ანუ სისტემა, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა აკონტოლებს, არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებს, არამედ სურის, რომ გააკონტროლოს მათ შორის კულტურის სფერო... ჩვენ ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით 70 წელიწადი, საბჭოთა კავშირი ერქვა და ბატონი ოქიტაშვილი, როგორც ჩანს, ოცნებობს, რომ ჩვენს ქვეყანაში მისი ყველაზე მახინჯი ფორმა აღდგეს. მხოლოდ საბჭოთა კავშირის კი არა, ალბათ სტალინის წლები არის მისთვის იდეალური დრო და იმედი მაქვს, რომ ამ უმსგავსობას საზოგადოების მხრიდან ადეკვატური რეაქცია ექნება," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.