"ამ კაცს რა უნდა, ეგება გაარკვიოს, დროა პოლიტიკას შეეშვას, ვისაც უნდა იმას უმღეროს და "პაკლონზეც" იმასთან იაროს“

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი პაატა ბურჭულაძეს ურჩევს, პოლიტიკას შეეშვას. მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე კარგად უნდა გაერკვეს, რა უნდა.

"ამ კაცს რა უნდა, ეგება გაარკვიოს, დროა პოლიტიკას შეეშვას, ვისაც უნდა იმას უმღეროს და "პაკლონზეც" იმასთან იაროს. გულისამრევია, წერტილი", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

მისი ეს კომენტარი პაატა ბურჭულაძის სანქტ-პეტერბურგში კონცერტზე გამოსვლას მოჰყვა. 15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა "დაისიდან" ცანგალას სიმღერა, "ღვინოვ კახურო" შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა.