ბესიკ ფესტვენიძემ გადაცემა  „აქტუალურ თემაში“ ფარმაცევტული ბაზრის პრობლემების შესახებ ისაუბრა

ბესიკ ფესტვენიძემ გადაცემა „აქტუალურ თემაში“ ფარმაცევტული ბაზრის პრობლემების შესახებ ისაუბრა

დანიშნულებების 20-25%, რომელიც დაზღვეულს ასანაზღაურებლად მოაქვს,, პოლიპრაგმაზიის ანუ ჭარბი დანიშნულებების მაგალითია“ 

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ გადაცემა „აქტულურ თემაში“ ჯიპიაის სამედიცინო დირექტორმა ბესიკ ფესტვენიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბაზარი ოლიგოპოლიურია, სადაც 3 დომინანტი მოთამაშეა წარმოდგენილი. ზომიერი ფასების შესანარჩუნებლად კი სახელმწიფოსგან გარკვეული რეგულაციების მიღებაა საჭირო. ამ პრობლემის სიმწვავეს ისიც ადასტურებს, რომ, სტატისტიკურად, ჯანდაცვის დანახარჯების 40% მედიკამენტებზე მოდის, რაც კატასტროფულად  მაღალი მაჩვენებლია.

გარდა ამისა, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას პოლიპრაგმაზია, მედიკამენტების ჭარბი დანიშნულება, წარმოადგენს, რაც პირდაპირ აისახება დანახარჯების ზრდაზე. 

„ჩვენ შემთხვევაში, ყოველი მეხუთე დანიშნულება, რომელიც პაციენტს ასანაზღაურებლად მოაქვს, პოლიპრაგმაზიის მაგალითია. ჭარბი დანიშნულებები დაახლოებით 20-25%-ია. ამის მიზეზი მხოლოდ ექიმთა არასწორი მოტივაცია არ არის. აქ შეიძლება იყოს უწყვეტი სამედიცინო განათლების დეფიციტი, ინფორმაციის ნაკლებობა, ქვეყანაში გაიდლაინებისა და პროტოკოლების არარსებობა, ექიმის შიში, რომ ვაითუ, რაღაც გამორჩეს და ა.შ“, – განაცხადა ბესიკ ფესტვენიძემ.

ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი პრობლემების ერთ-ერთი გადაწყვეტა სახელმწიფო რეგულაციებია. ამას დასავლური პრაქტიკაც ადასტურებს. მაგალითად,  აშშ-ში მიიღეს ახალი „სანშაინ“ აქტი, რომლითაც ექიმები დაავალდებულეს, ფარმაცევტული კომპანიებისგან მიღებული თანხების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნონ. „ეს პრაქტიკა ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან საინტერესოა. ჭარბწამლიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად კომპლექსური ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც ფარმაცევტულ ბიზნესს არ დააზიანებს და სიტუაციას გააჯანსაღებს“, – განაცხადა ბესიკ ფესტვენიძემ.