ბიუჯეტის მილიონები შვეიცარული კომპანიისთვის - „სიქპა“ სახელმწიფოს სანქციებით ემუქრება

ბიუჯეტის მილიონები შვეიცარული კომპანიისთვის - „სიქპა“ სახელმწიფოს სანქციებით ემუქრება

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს უკვე ორმა პრემიერმა უთხრა, რომ უალკოჰოლო სასმელებზე მარკირების შემოღება გონივრული გადაწყვეტილება არ არის. ნოდარ ხადურს თავისი ბრძანება ორმა პრემიერმა ორჯერ გადაადებინა. პირველად ბიძინა ივანიშვილმა დაავალა მას გადაეხედა ამ ახალი რეგულაციისთვის და მეორედ,  რამდენიმე დღის წინ,  ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაციამ წერილობით მიმართა.

მიუხედავად ამისა,   საკითხი დღემდე ღიად რჩება. ბუნდოვანია იმ კომპანიის ბეგრაუნდიც, რომელმაც მარკირების პროცესი უნდა ჩაიბაროს და ქვეყნის ბიუჯეტიდან, ექსპერტების გათვლით, წელიწადში 5 მილიონი უნდა მიიღოს.

ვინ დგას ამ უცხოური კომპანიის უკან და სად წავა მილიონები, რომელიც ოფშორულმა კომპანიამ ჩვენი ქვეყნის ბუჯეტიდან უნდა მიიღოს?  რა არგუმენტი აქვს ნოდარ ხადურს ქამრების შემოჭერის ფონზე შვეიცარული კომპანიისთვის გამოყოფილ მილიონებზე? კითხვებზე პასუხის გაცემას თანმიმდევრულად შევეცდებით...

ფაქტების ქრონოლოგია - „ნაციონალური მოძრაობა“ და „სიქპა“

ყველაფერი წინა ხელისუფლების დროს, 2012 წელს, მაშინდელი ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანებით დაიწყო, რომლის თანახმადაც განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი. 

საკონკურსო პირობების თანახმად,  2012 წლის 03 თებერვალს, 2011 წლის 10 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შვეიცარული კომპანია „სიქპა სიქურითი სოლუშენსი".  თუმცა ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების, დასრულების და გამარჯვებული კომპანიის შესახებ კონკურენციის და  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არ იძებნება.

კომპანია "სიქპა სიქურითი სოლუშენს სოლუშენს ჯორჯია" 2008 წლის 4 აპრილსაა დაფუძნებული, კონკურსში მონაწილე კომპანიებისთვის კი დაწესებული იყო ხუთწლიანი გამოცდილების მოთხოვნა. ამ პირობას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ "სიქპა" კონკურსში გამარჯვებულად გამოეცხადებინათ. სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით, "სიქპას" პარტნიორები და ნდობით აღჭურვილი პირები საქართველოში „ ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისის ჯორჯიას“ წარმომადგენლები და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლაშა გოგიბერიძე გახლავთ.

ამავე კომპანიის დამფუძნებლებს შორისაა ასევე ზაზა ბიბილაშვილი, გამოცდილ პარტნიორებს შორის კი - თამარ თევდორაძე, ეკატერინე ალექსიძე და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი გიორგი ყავლაშვილი. ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას კომპანიაში განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ იურიდიულ დახმარებას უწევდნენ კომპანიას და სხვა რაიმე შეხების წერტილი არ ჰქონიათ.

რაც შეეხება თავად მარკირების შემოღებას  უალკოჰოლო სასმელებზე, მისი ინიციატორი და შეიძლება ითქვას, პროექტის სულისჩამდგმელი შემოსავლების სამსახურის იმ დროინდელი უფროსი, ჯაბა ებანოიძე გახლდათ - "ქართუ ბანკის" გაკოტრების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა ებანოიძე ზურაბ ადეიშვილთან დაახლოებული პირი, იყო, რომელიც  "ბანკი ქართუს" გაკოტრების სქემაში ბრალდებულად ცნეს ზურაბ ადეიშვილთან და კიდევ სამ სხვა პირთან ერთად. 

იმ დროინდელი ხელისუფლება აცხადებდა, რომ მარკირების შემოღების მთავარი მიზანი ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, თუმცა ამ არგუმენტის გასამყარებლად ფაქტები არ ჰქონდათ.

ფაქტია ისიც, რომ რომ წინა ხელისუფლებაში კანონის ინიციატორებსა და მათი ნების აღმსრულებლებს, არანაირ არგუმენტზე არ უმსჯელიათ. მათთვის არც ის ყოფილა პრობლემა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მარკირებისგან ერთ თეთრსაც კი ვერ მიიღებდა და საფასური შვეიცარული კომპანიისთვის იქნებოდა გადახდილი.

ფაქტების ქრონოლოგია - “ქართული ოცნება“ და „სიქპა“

მარკირების შესახებ ბრძანების გამოცემა ფინანსთა მინისტრმა 2 წლის განმავლობაში სამჯერ გადადო. რამდენიმე ხნიანი პაუზის შემდეგ, ნოდარ ხადური კვლად გააქტიურდა და განაცხადა, რომ სავალდებულო მარკირება უალკოჰოლო სასმელებზე  მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო.

უფრო მეტიც, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „სიქპას“ მომსახურების საფასურს ბიუჯეტი გადაუხდიდა. როგორც მეწარმეები აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება ვერანირ კრიტიკას ვერ უძლებს:

„იმ პირობებში, როცა ქვეყანა ცდილობს ადმინისტრაციული თუ სხვა ხარჯები მინიმუმამდე დაიყვანოს, მილიონობით ლარის გადახდა ისეთ სერვისში, რომელიც საფინანსო გათვლების მიხედვით ვერანაირ კრიტიკას უძლებს, სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ტოლფასია. 

მაშინ, როცა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 170 მილიონი ლარით შეკვეცა გახდა აუცილებელი, როდესაც თითქმის ყველა სამინისტროს პროექტების განსახორციელებელი ფული მილიონობით ლარით შეუმცირდა, ხელისუფლება აპირებს რეგულაციაში, რომლის აუცილებლობასაც ვერავინ ამტკიცებს, უცხოურ კომპანის ყოველწლიურად 5 მილიონ ლარზე მეტი უხადოს.“ - ამ შინაარსის წერილით მიმართა უალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციამ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

კითხვაზე, რატომ დადგა მარკირების შემოღების აუცილებლობა, ნოდარ ხადური აცხადებს, რომ მიზანი აღრიცხვიანობის მოწესრიგებაა. მინისტრის თქმით, მას იმედი აქვს, რომ დიდ საწარმოებს ეს ისედაც მოწესრიგებული აქვთ, მაგრამ: „გადამოწმება არ შეგვიშლის ხელს, რადგან საკმაოდ სერიოზულია ამ დარგის პოტენციალი.“  - განაცხადა ხადურმა, რომელიც თანახმაა, „გადამოწმების მიზნით“ ბიუჯეტიდან არსებულ ვითარებაში 5 მილიონი გაიღოს.

ერთადერთი მხარე, ვინც ამ ყველაფრისგან სარგებელს მიიღებს კვლავ შვეიცარული კომპანია „სიქპაა“.

„სიქპას“ გენერალური დირექტორი მთავრობას ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნით ემუქრება

მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური ხელისუფლების“ დროს შვეიცარულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი ბევრ ბუნდოვანებს შეიცავს, კომპანია მთავრობს საკმაოდ მკაცრი ტონით ელაპარაკება და ფინანსური საქციებითაც ემუქრება. ამის შესახებ, კომპანიის დირექტორმა, გიორგი ჯიქიამ, შაბათს, გადაცემა “ბიზნესკურიერში“განაცხადა. მისი თქმით: თუ ხელისუფლება კონტრაქტს გააუქმებს, მთავრობას ფინანსური კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

ცნობისთვის „სიქპას“ გენერალური დირექტორი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის მარტში შეიცვალა და გიორგი ჯიქია დაინიშნა. გიორგი ჯიქია 5 წლის წინ ქართული პასპორტების ბეჭდვის კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, პროკურატურამ დააკავა და 2 მილიონი ევროს მითვისებას ედავებოდა. თუმცა, მისი თქმით, ფაქტები აბსურდული იყო, რაც საბოლოოდ დადასტურდა კიდეც.

საინტერესოა ის გარემოება, რომ გიორგი ჯიქია ხელისუფლებას, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა „ენაზე ელაპარაკება“

მაგალითად, ორი წლის წინ, როდესაც მარკირების შემოღება გადავადდა, ერთ-ერთმა გამოცემამ გიორგი ჯიქიას კითხვა დაუსვა - შეჩერებული მარკირების და მიყენებული ზარალის გამო, აპირებს თუ არა კომპანია, სარჩელი შეიტანოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ან სხვა რაიმე სახის ზომებს მიმართოს?

მაშინ კომპანიაში განმარტეს, რომ „არანაირი სამართლებრივი რეაგირების გამოყენებას არ აპირებენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან სახელმწიფო მათი პარტნიორია და ფაქტობრივად, არ არსებობს საკითხი, თუნდაც იგივე არაალკოჰოლური სასმელების მარკირებასთან დაკავშირებით, რომელზეც "სიქპა" მოლაპარაკებას ვერ შეძლებს ხელისუფლებასთან. არც იმას გამორიცხავდნენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზების შემთხვევაში, კორექტირებასაც დათანხმებოდნენ.“

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ  კონტრაქტის მოშლა „სიქპასთან“ , თუკი ამას მთავრობა გადაწყვეტს, არანაირ სანქციას არ გამოიწვევს. როგორც ასოციაციაში გაგვიმარტეს, მათ  ავტორიტეტული ამერიკული იურიდიული კომპანია „დექერტი“ დაიქირავეს, რომელმაც გააანალიზა მარკირების განმახორციელებელ კომპანიასთან შემოსავლების სამსახურის მიერ დადებული ხელშეკრულების ყველა დეტალი. 

„ერთ-ერთმა ცნობილმა იურიდიულმა კომპანიამ დასკვნის სახით მოგვაწოდა, რომ არაალკოჰოლური სასმელების მარკირების ნაწილში კონტრაქტის მოშლა/ცვლილება (და შესაბამისად, აქციზური საქონლის ნაწილში კონტრაქტის ძალაში დატოვება), არ გამოიწვევს დამატებითი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას და არ დააზარალებს საქართველოს ბიუჯეტს. აღნიშნული სამართლებრივი ანალიზი 2015 წლის 11 ივნისს  გადავეცით საქართველოს ფინანასთა სამინისტროს, კერძოდ, კი შემოსავლების სამსახურს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.” - განმარტავენ ასოციაციაში.

მეწარმეები აცხადებენ, რომ მათ პრემიერისთვის რეგულაციის შემოღების გადავადების თხოვნით არ მიუმართავთ. ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირების შემოღების და ამ სერვისისთვის ხარჯების გაწევის ყველა ვარიანტი, რომელიც აქამდე შემოთავაზებული იყო  შესაბამისი ორგანოების მხრიდან, არასამართლიანი და არარაციონალურია, ასევე ეწინააღმდეგება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესებსაც. მათი მოთხოვნა ბრძანების გაუქმებაა.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი და მოუხდება თუ არა ხადურს უალკოჰოლო სასმელებზე მარკირების საბოლოოდ გაუქმება, სავარაუდოდ, ეს საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს.