დღეს, 19 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში გამოფენა „ქოლგა“ გაიხსნება, რომელიც დამთვალიერებლებს 6 სექტემბრამდე უმასპინძლებს.
საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა” წელს მეთოთხმეტედ ჩატარდა. დღეიდან 2 თვის განმავლობაში 38 ფოტო პროექტითა და 18 ფოტოთი წარსდგება ბათუმელებისა და ზღვისპირა ქალაქის დამსვენებლების წინაშე. წლევანდელ ფოტოკონკურსში მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფი მონაწილეობდა. ხოლო, წლის საუკეთესო ფოტოები 9 000-მდე ფოტოდან შეირჩა.
„საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“- KOLGA TBILISI PHOTO 2015 წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით 1 მაისს, თბილისში დაიწყო და 8 მაისამდე გაგრძელდა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ინდივიდუალური და ჯგუფური გამოფენები. გარდა საკონკურსო გამოფენებისა მოწვეული იყო ასევე გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. წლევანდელ ფოტოკონკურსში მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო. ამ პერიოდში ძალიან ბევრი ფოტოგრაფი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამჯერად გამოფენა „ქოლგას“, რომელიც დღეს გაიხსნება ბათუმი 6 სექტემბრამდე უმასპინძლებს“ - აღნიშნავს KOLGA TBILISI PHOTO-ს დამფუძნებელი, ბესო ხაინდრავა.
პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.
„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.