კოალიცია „ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღობისათვის“ ინიციატივით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა დაცვის ინდექსის შეფასების პრეზენტაცია მოეწყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები და ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტები.
კოალიციასთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა, რომლებიც ამავე დროს არიან ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოსა“ და ფონდი „ნატახტარის“ ერთობლივი პროექტის „იზრუნე მომავალზე“-ს ბენეფიციარები, ახალგაზრდების ზრუნვის სისტემიდან გასვლის საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარმოადგინეს.
კოალიციის ახალგაზრდული საბჭოს პრეზენტაცია მზურნველობამოკლებული მოზარდებისა და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს მოიცავდა. პრეზენტაციის ფარგლებში, მოზარდებმა ისაუბრეს კოალიციის მიერ შემუშავებულ ზრუნვის სისტემიდან გასვლის კონცეპციაზე და იმ რეკომენდაციებზე, რაც კოალიციას აქვს სახელმწიფოს მიმართ. ახალგაზრდებმა ასევე ისაუბრეს იმ პროექტებსა და ცალკეულ ინიციატივებზე, რაც ამ კუთხით მიმდინარეობს დღეს საქართველოში. მათ შორის, მათ გამოყვეს ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ და „ფონდი ნატახტარის“ ერთობლივი პროექტი „იზრუნე მომავალზე“, როგორც აქტიური და წარმატებული საქმიანობა და ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად აღიარეს.
„ახალგაზრდული საბჭო“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზმია, რომელიც კოალიციის ფარგლებში შეიქმნა. საბჭოს ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში დიდი წვლილი მიუძღვით „საქართველოს ბავშვებს“ და World Vision Georgia-ს. ყოველდღე თვალნათლივ ვხედავთ ამ არაჩვეულებრივი საქმიანობის შედეგს. ახალგაზრდები დღითიდღე თავდაჯერებულები ხდებიან, სწავლობენ არა მხოლოდ საკუთარი უფლებების დაცვას, არამედ თანატოლების ადვოკატირებასაც, შესანიშნავად ახერხებენ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებულად და ლოგიკურად დასაბუთებას და რაც მთავარია, აგრძელებენ ერთმანეთის მხარდაჭერას. ეს ის შემთხვევაა, როცა პროექტი „იზრუნე მომავალზე“ სხვა მეგობარ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საერთო საქმის კეთებით ორმაგ შედეგს იღებს და ამიტომ ძალიან დიდ მადლიერებას გამოვხატავ კოალიციის ხელმძღვანელის ჯაბა ნაჭყებიას და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არ აძლევს ახალგაზრდულ საბჭოს მოდუნების საშუალებას“. ვფიქრობ, რომ „ჩვენი სახლი-საქართველო“ სიამოვნებით ითანამშრომლებს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგიონული ახალგაზრდული საბჭოების შექმნის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მზრუნველობამოკლებული მოზარდებისა და ახლგაზრდების კიდევ უფრო აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, - განმარტავს ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ თანადამფუძნებელი, ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ომარაშვილი.
„კოალიციის ახალგაზრდული საბჭო დაკომპლექტებულია სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ან სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული, ქუჩაში ცხოვრების გამოცილების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდებისაგან. საბჭო მიზნად ისახავს ბავშვებისა და ახალგაზრდების სხვადასხვა საჭიროებების ადვოკატირებას და თვითადვოკატირებას. ახალგაზრდული საბჭო მუშაობს იმაზე, რომ ბავშვების და ახალგაზრდების ხმა მიიტანოს სხვადასხვა სტრუქტურებამდე, რომლებსაც შეუძლიათ ცვლილებების განხორციელება,“ - აღნიშნავს კოალიციის ფსიქოლოგი ნანა ფიფია.
ბავშვთა დაცვის ინდექსი იძლევა ინფორმაციას ქვეყანაში ბავშვთა დაცვის სფეროსთან დაკავშირებული კანონმდებლობის, მისი შესრულების, სერვისების ფუნქციონირებისა და ხარისხების შესახებ.საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ChildPact - ის მიერ ბავშვთა დაცვის კუთხით ჩატარებულმა კვლევის მიხედვით ბავშთა დაცვის ინდექსი აღმოსავლეთ ევროპის ოთხ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში ყველაზე დაბალია. მას წინ უსწრებს მოლდოვა - 0,527 ქულით; სერბეთი (0.615); ბულგარეთი (0.652); და ბოლოს რუმინეთი 0.803 ქულით.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა დაცვის ინდექსის შეფასება საქართველოში შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების კოალიციათა ქსელის ChildPact-ის ინიციატივითა და ბავშვთა და ახალგაზრდობის კეთილდღეობის ეროვნული კოალიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების რუმინული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.