საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ქალაქ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, დადიანის ქ. N5-ში მდებარე შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ შენობაში საცხოვრებელ ფართს 65 დევნილი ოჯახი მიიღებს.
ქუთაისში, დადიანის ქ. N5-ში მდებარე შენობაში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება.
რეაბილიტირებულ შენობაში სულ 65 ბინაა, აქედან 15 - ერთოთახიანია, 10- ოროთახიანი, ხოლო, 40 - სამოთახიანი.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დავითი“ აწარმოებს, შენობის რეაბილიტაცია 2015 წლის აგვისტოში დასრულდება.
გარდა ამისა, ქუთაისში შერვაშიძის ქუჩაზე 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს. საწყის ეტაპზე შენდება ორი 16-სართულიანი კორპუსი, სადაც ბინას 160 ოჯახი მიიღებს (80 ბინა თითოეულ კორპუსში).
სამინისტრომ მენაშენეებისაგან ქუთაისში 52 ბინა შეისყიდა, საიდანაც 35 დევნილ ოჯახებს უკვე გადაეცათ.