ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა დროული იყო ახლა მთავარია მისი შესრულების ხარისხი

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა დროული იყო ახლა მთავარია მისი შესრულების ხარისხი

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმაზე საუბრობს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ხეჩინაშვილი. ხეჩინაშვილის  მოსაზრებით, თუ რამდენად გაამართლებს ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ეს პირდაპირაა დამოკიდებული ამ რეფორმის გატარების ხარისხზე.

„ეს რეფორმა მართლაც რომ დროულია და ამასთანავე არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ განვიხილავთ და ვლაპარაკობთ ჯანდაცვის თანამედროვე მოდელზე, რომელიც არის მთელს მსოფლიოში, განვითარებულ ქვეყნებში და ასე შემდეგ, ანუ იმ ქვეყნებში სადაც სწორად ვითარდება ჯანდაცვა და სწორი მიმართულება აქვს აღებული, იქ ყოველთვის პირველადი ჯანდაცვა არის მთვარი.

ჯანდაცვის პირველადი რგოლი არის საფუძველთა საფუძველი. აქედან გამომდინარე, ბატონი დავით სეერგენკოს განცხადებას სრულად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ. მე ჯანდაცვის ორგანიზატორი ვარ და შესაბამისად იდეურადაც სწორად მიმაჩნია ეს ყველაფერი.

ის თუ რამდენად გაამართლებს რეფორმა ეს ყველაფერი შესრულების ხარისხზეა დამოკიდებული. შეიძლება შესანიშნავი იდეა იყოს, მაგრამ შესრულების ხარისხი იყოს დაბალი და ამან გააფუჭოს მთელი რეფორმა, ამიტომაც ვამბობ რომ შესრულების ხარისხია მთავარი.

ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოლოდინები, სადაც სწორი ხედვა იქნება. პირველ ეტაპზე, საყოველთაო ჯანდაცვას თუ შევხედავთ, ხელისუფლებამ უნივერსალიზაცია მოახდინა, ეს იყო აუცილებელი და მთვარი.

ახლა კი, უფრო რომ გამყარდეს ეს ყველაფერი და გახდეს შეუქცევადი პოზიტივის ნაწილი, უნდა განვავითაროთ პირველადი ჯანდაცვა“, – განაცხადა ხეჩინაშვილმა და დასძინა, რომ  ეს იქნება სწორი, თუმცა ეს არის ძალიან რთული საქმე. ვერც ერთმა წინამორბედმა ხელისუფლებამ დამოუკიდებელ საქართველოში, გარკვეული პროგრესისა და პატარა წარმატებების მიუხედავად, ვერ შეძლო ამ ამოცანის გადაწყვეტა.