ჯადაცვაში მიმდინარე რეფორმის შესახებ სპეციალისტები საკუთარ მოსზრებას გამოთქვამენ. მათი განცხადებით, აუცილებელია კადრების გადამზადება, მონიტორინგი და სფეროს გაძლიერება თუ მოხდება. ამის ფონზე კი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეგიონალური ტუბერკულიოზის დისპანსერების მიხედვა.
ეკა სანიკიძე, მედიცინის დოქტორი, ფთიზიატრი, ადვოკაცია–კომუნიკაციის ექსპერტი: „ჯანდაცვის სფეროს პირველადი რგოლის რეფორმა უდავოდ საჭიროა. თუმცა, ამ შემთხვევაში რამდენიმე საკითხი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ჯანდაცვის სამინისტრომ:
პირველ რიგში, საჭიროა კადრების გადამზადება. ფტიზიატრიის (მედიცინის ნაწილი, რომელიც სწავლობს ფილტვების ტუბერკულოზს და მისი მკურნალობის მეთოდებს) სფეროში, სადაც პირადად მიწევს მუშაობ, მართალია არიან გამოცდილი კადრები, მაგრამ ასევე აუცილებელია გარკვეული რაოდენობის მედპერსონალის გადამზადება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სისტემა მზად არის პაციენტების მისაღებად.
ტუბერკულიოზი ისეთი დაავადებაა, რომ მისი დიაგნოსტირება სპეციალიზირებულ დაწესებულებაში უნდა ხდებოდეს. ინტეგრირება არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ პირველადმა ჯანდაცვამ ყველაფერი თავის თავზე აიღოს. გარდა ამისა, ძალიან კარგი იქნება, თუ გაიხსნება სპეციალიზირებული ამბულატორიები რეგიონებში. რადგან მაღალმთიან სოფლებში არ არის სპეციალიზირებული დაწესებულებები, სწორედ იქ მცხოვრებ ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში გაიარონ კონსულტაციები“.
ეკა სანიკიძის აზრს იზიარებს პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა ვაჭარაძე: „პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, ჩვენს სფეროში კადრების გადამზადება, მონიტორინგი და სფეროს გაძლიერება თუ მოხდება, ძალიან კარგი იქნება. ამის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეგიონალური ტუბერკულიოზის დისპანსერების მიხედვა.
დღესდღეობით, ამ ტიპის დაწესებულებები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, იქიდან გამომდინარე, რომ მათ სჭირდებათ ახალი მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შექმნა, რაც, რასაკვირველია, მომსახურების სერვისსაც გააუმჯობესებს“– აღნიშნა კახა ვაჭარაძემ.