ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბა“ ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის თანხმადაც უახლოეს ხანში ჯანდაცვის სისტემის პირველადი რგოლის რეფორმა უნდა დაიწყოს. ორგანიზაციის ვიცე–პრეზიდენტ გიორგი კაპანაძის განცხადებით, ეს რგოლი რეფორმას ნამდვილად საჭიროებს და ეს რეფორმა აქამდეც უნდა დაწყებულიყო.
„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ჩვენთან ჯანდაცვის სისტემის პირველადი რგოლი პრაქტიკულად არ არსებობს. მოსახლეობა, ერთის მხრივ, თავად ირჩევს რომელ სტაციონარს და რომელ ექიმს მიმართოს და მეორეს მხრივ, ძალიან ხშირად, ნებისმიერი დაავადების დროს მიმართავს ჰოსპიტალს, თუნდაც მისი ჰოსპიტალიზაცია არ იყოს საჭირო.
კიდევ ცალკე საკითხია ისიც, რომ როცა ქვეყანაში ჯეროვნად ვერ მუშაობს პირველადი ჯანდაცვა, მთელი დატვირთვა მოდის ჰოსპიტალებზე და სტაციონარებზე. ეს კი, რასაკვირველია, რესურსების არამიზნობრივი ხარჯვას იწვევს, რაც ისევ ქვეყნის ბიუჯეტს აწვება, გამომდინარე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მასშტაბებიდან“, –აცხადებს კაპანაძე.
მისი თქმით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის ეფექტიან მუშაობაზე პირდაპირაა დამოკიდებული ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა. „მეორე საკითხია რესურსების მართვა და განაწილება. რესურსების მართვაში ვგულისხმობ, რომ, როდესაც ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვა შესაბამისად ვერ ფუნქციონირებს, შესაბამისად ბენეფიციარს უკვე ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობით უწევს სტაციონარისთვის მიმართვა, რაც ერთის მხრივ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე აისახება უარყოფითად და მეორეს მხრივ ეს ნიშნავს უფრო მეტი სახსრების ხარჯვას, ვინაიდან ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა სხვადასხვა ხარჯებს მოიცავს.
მიმაჩნია რომ გარკვეული დროა საჭირო და შესაბამისი ეკონომიკური კეთილდღეობაც, რომ მოსახლეობამ ჯანმრთელობის კულტურა აიმაღლოს და დაავედების პრევენციაზე უფრო მეტად იფიქროს, ვიდრე გართულებული დავადების მკურნალობაზე. საამისო მორიგ საფეხურად ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაუმჯობესება მესახება. ფაქტია, ჩვენ თუ შევხედავთ ჯანმრთელობაზე გაწეულ ხარჯებს, დავინახავთ, რომ ამ ხარჯების 50%–ზე მეტი მოდის მედიკამენტებზე, ეს კი საკმაოდ დიდი ციფრია. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით მიმაჩნია რომ მინისტრ სერგეენკოს მიერ გამოცხადებული ჯანმრთელობის პირველადი რგოლის რეფორმა აუცილებელია. მთავარია, ამ გზაზე დაისვას სწორი აქცენტები, გათვალისწინებულ იქნას პროცესში მონაწილე ყველა მხარის ინტერესი და და გაზიარებულ იქნას მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილება“, – განაცხადა კაპანაძემ და დასძინა რომ ეს საკმაოდ ფაქიზი პროცესია და მას კორდინირებული და ფრთხილი მიდგომა სჭირდება, ვინაიდან საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან თემას როგორიცაა მოსახლეობის ჯანმრთელობა.