სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის კონფერენციას
2012 წლის დეკემბერში კოლეგების მხრიდან მოულოდნელი შეთავაზება მივიღე - კენჭი მეყარა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად.
მას შემდეგ ორწელიწადნახევარი გავიდა, რომელმაც ბევრი დაიტია, მათ შორის საინტერესო პროექტები და კარგად გაკეთებული საქმეებისგან მოგვრილი სიხარული სჭარბობდა. იმედია, გაგრძელდება ასოციაციის საგამომცემლო პროექტი "ქართული სპორტის დიდი სახელები", რომლის ფარგლებში ორ წელიწადში 11 წიგნი გამოიცა; ან "სილქსპორტმედიასთან" ერთად მომზადებული და ეთერში გასული 30 ტელეგადაცემა ქართული სპორტის გამორჩეული სახეების შესახებ.
აქამდე ასე ვიცოდი და მჯეროდა, რომ სპორტი აერთიანებდა, მაგრამ საზოგადოებაში არსებულმა გახლეჩილობამ და სხვადასხვა პრობლემამ ზოგადად სპორტში და მის სარკეში - სპორტულ ჟურნალისტიკაშიც იჩინა თავი.
ასოციაციის წარმატებული საქმიანობა არა მარტო თქვენ მიერ არჩეული ლიდერის, არამედ ჩვენი პროფესიული გაერთიანების წევრების მუშაობისთვის მზაობას და თანადგომას ემყარება. სამწუხაროდ, საპირისპირო მაგალითებიც გვაქვს, როცა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის მიერ ანგაჟირებულ მედიამოსამსახურეთა მეშვეობით, მედიაში ადგილი ჰქონდა ფაქტების მანიპულაციებს, ტელეეთერის დაბლოკვას, "შავ პიარს" და ეს ყველაფერი ჩვენში უცნაურად ინტერპრეტირებული "თმენის ვალდებულების" გამო, ფაქტობრივად, პასუხგაუცემელი რჩებოდა.
აღარ ღირს ამ თემაზე საუბარი, მიჯობს, ის კარგი დავიმახსოვრო, რაც კოლეგებთან ერთობლივ საქმიანობისას ცოტა არ იყო და ამისათვის დიდი მადლობა მათ!
მინდა დავუბრუნდე აქტიურ და არტახებისგან თავისუფალ ჟურნალისტურ საქმიანობას, სადაც არჩევით პოსტზე ყოფნის გამო არ ვიქნები შეზღუდული გამოხატვის თავისუფლებაში. თქვენდამი მომართვის შემდეგ, ვიხსნი პრეზიდენტის უფლებამოსილებას. ვრჩები სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აქტიურ წევრად და ქომაგად.
ბოლოსკენ უპრიანია ერთი გამოთქმის პარაფრაზი: ამ პირობებში მე გავაკეთე, რაც შემეძლო. მოხარული ვიქნები, თუ უკეთეს პირობებში ამას სხვა უკეთ გააკეთებს.
პატივისცემით, გიორგი გორგოძე. 06.07.2015