თიბისი ბანკის მხარდაჭერით თიბისი ბანკის სათავო ოფისში საქართველო - იტალიის პირველი ენერგეტიკული ბიზნესფორუმი გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობენ ენერგეტიკის სფეროში იტალური საკონსულტაციო კომპანია „Nomisma Energia“-ს მიერ მოწვეული იტალიური კომპანიები, რომლებიც ამ სფეროში პოტენციური ინვესტორები არიან.
ფორუმი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდა იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი.
,თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის დავით წიკლაურის ინფორმაციით, ბოლო 3-4 წელიწადში ენერგეტიკის სექტორში თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების ღირებულება 150 მილიონ დოლარს შეადგენს.
,,ენერგეტიკის თემაზე საერთაშორისო ფორუმს უკვე მეორედ ვმასპინძლობთ. ეს არის მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება, რომელიც დაიგეგმა ,,თიბისი ბანკთან” ერთად. პროექტების ნაწილი, რომელიც განვახორციელეთ, როგორც მცირე და საშუალო, ასევე დიდი ზომის ჰესებს მოიცავს. ამ მიმართულებით მოღვაწეობას აქტიურად ვაგრძელებთ. ენერგეტიკა საქართველოში ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია. ქართული კომპანიები, რომლებიც ამ სექტორში მოღვაწეობენ, აქტიურად თანამშრომლობენ ,,თიბისი ბანკთან”, ერთობლივი მუშაობის დიდი ხნის ისტორია გვაქვს. ამჯერად საქართველოს მიეცა საშუალება, გავაცნოთ დარგის მნიშვნელობა იტალიური კომპანიების წარმომადგენლებს, რის შემდეგაც ისინი აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში”, - განაცხადა დავით წიკლაურმა.
ფორუმი თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა და მისი ორგანიზატორები საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) და იტალიური საკონსულტაციო კომპანია „Nomisma Energia” იყვნენ.