პირველად საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას ახორციელებს.
დღეს, სასტუმრო „Holiday Inn„-ში „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, საზოგადოებისათვის „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება და სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
პრეზენტაცია დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გახსნა, მისი განცხადებით მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობისათვის.
„სამინისტრომ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, 400 000 ლარი გრანტების სახით გასცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რისი მიზანიც იყო, ერთი მხრივ, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და მეორე მხრივ, ამავე მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის განვითარება და გაძლიერება. სამინისტრო მიზნად ისახავს, ევროკავშირის ქვეყნებიდან და სხვა გეოგრაფიული არეალიდან დაბრუნებული ქართველი მიგრანტებისთვის, სოციალური და ეკონომიკური რეინტეგრაციის კუთხით, მხარდაჭერისა და დახმარების ერთიანი მექანიზმის განვითარებას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება დაბრუნებული მიგრანტებისთვის სრულყოფილი ინდივიდუალური სარეინტეგრაციო პროგრამების შეთავაზება.
სახელმწიფოს მიერ დაბრუნებულ მიგრანტებზე ზრუნვა აქტიურ ფაზაში შევიდა, ეს პროცესი შეუქცევადია და სამინისტრო არ დაიშურებს ძალისხმევას დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში სრულყოფილი და ღირსეული რეინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორკი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლებმაც, რომლებიც უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთათვის სარეინტეგრაციო დახმარების სერვისების მიწოდებას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, დაბრუნებულებს საშუალება ექნებათ გაიარონ პროფესიული გადამზადების კურსები და ექნებათ ხელშეწყობა მცირე საგრანტო პროექტების განსახორციელებლად.
პრეზენტაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიპიარ ჯგუფის„ ორგანიზებით განხორციელდა. აღნიშნული ორგანზიაცია უზრუნველყოფს პროგრამის საზოგადოებრივ ინფორმირებულობას.