გიორგი მღებრიშვილის ოფიციალური ვიზიტი ერევანში დასრულდა

გიორგი მღებრიშვილის ოფიციალური ვიზიტი ერევანში დასრულდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ერევანში დასრულდა. ვიზიტის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სრულიად სომხეთის კათოლიკოს გარეგინ II-ს  შეხვდნენ და სომხეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ქართული მხარე ერევანში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად 24 ივნისს გაემგზავრა. ფორუმზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ღონისძიების მონეწილეებს დაწვრილებით გააცნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურა, რეფორმები და მიღწევები.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა ჰოვანეს მანუკიანმა სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ოფიციალური შეხვედრები გაიმართა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან და სომხეთის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროს არტურ ოსიკიანთან. შეხვედრებზე მხარეები გამოცდილების გაზიარების მიზნით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში სომხური დელეგაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოს ეწვევა.