კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისში შექმნილი კრიზისიული ვითარების გამო, გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
ერთი სერიოზული ავარია, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჭავჭავაძის გამზირი N5-ის უკან, უშუალოდ სტიქიის ზონაში, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ 900 მმ-იან მაგისტრალზე უკვე ლიკვიდირებულია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყალმომარაგების აღდგენა ვაკის, ვერის და საბურთალოს იმ ნაწილისთვის, რომელსაც ამ დრომდე წყალმომარაგება შეზღუდული ჰქონდა. აღნიშნულ უბნებს წყლის მიწოდება უმოკლეს დროში მთლიანად აღუდგება.
რაც შეეხება სტიქიის შედეგად დაზიანებულ 500 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენს, რომელიც მდინარე ვერეს ხეობაში გადის, კომპანიის ტექნიკურ ბრიგადებს აქ მუშაობა უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ. მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე საათში დასრულდება. შესაბამისად, ბაგებსა და ზედა ზონის სოფლებს წყალმომარაგება გვიან ღამით აღუდგება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ, დედაქალაქის მასშტაბით, მობილიზებულია 28 ტექნიკური ბრიგადა და მძიმე სპეც-ტექნიკა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
წყალმომარაგების თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფეისბუქის გვერდსა და ვებგვერდზე, ასევე, ცხელი ხაზის მეშვეობით.