„სინათლის ქალაქმა“ დოდო აბაშიძის ქუჩაზე დიოდური სანათები დაამონტაჟა. კომპანია Golnoor Lighting Group-ის მიერ წარმოებული 12 სანათი დოდო აბაშიძის ქუჩაზე პილოტ პროექტის ფარგლებში, საცდელი ვადით დამონტაჟდა. სანათების მონტაჟს „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელები და კომპანია GLG-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„სინათლის ქალაქის“ დირექტორის ვასილ ხორავას თქმით, კომპანია GLG-ი ირანული კომპანია გახლავთ, რომელმაც სურვილი გამოთქვა ჩართულიყო საპილოტე პროექტის განხორციელებაში.
„Golnoor Lighting Group-ი რეგიონში განათების ინდუსტრიაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ კომპანიამ სურვილი გამოთქვა პილოტ პროექტი განეხორციელებინა. აღსანიშნავია ისიც, რომ აბაშიძის ქუჩაზე ძველი 70 ვატიანი სანათები 20 ვატიანი დიოდური სანათებით შეიცვალა, რაც ელექტროენერგიის საკმაოდ დიდ დანაზოგს მოგვცემს, თუმცა განათების ხარისხი გაუმჯობესდა“- განაცხადა ხორავამ.
შეგახსენებთ, თბილისში ამ დროისთვის უკვე 8 პილოტ პროექტი ხორციელდება. დიოდური სანათები, დოდო აბაშიძის ქუჩის გარდა, უკვე დამონტაჟებულია კოტე აფხაზის, ლეხ კაჩინსკის, ჯავახიშვილისა და ლეონიძის ქუჩებზე, ასევე მელიქიშვილის გამზირზე, ბარათაშვილის ხიდსა და აეროპორტის შესასვლელთან.
წინასწარი მონაცემებით, დიოდური სანათები ელექტროენერგიის 60–70%-იან ეკონომიას იძლევა.