საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ქართული ლუდის კომპანიამ“ კიდევ 4 დევნილი სტუდენტის სწავლა დააფინანსა.
„ქართული ლუდის კომპანიამ“ სტუდენტები, საკუთარი კრიტერიუმების საფუძველზე, მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით შეარჩია.
გიორგი შულაია, ირაკლი ლეჟავა, ანი კასრაძე და გურამ მაისურაძე დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს მამუკა ცოტნიაშვილს და „ქართული ლუდის კომპანიის“ წარმომადგენელებს კახა პაიჭაძესა და ხათუნა მიქაცაძეს შეხვდნენ. მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფინანსება მიულოცა და წარმატება უსურვა.
აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი სტუდენტები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ბიზნესის მართვის, ტურიზმის და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე სწავლობენ.
გასულ წლებში, კომპანიამ უკვე დააფინანსა 9 დევნილი სტუდენტის სწავლის საფასური. დევნილი სტუდენტების განათლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.