თიბისი ბანკი მოქმედ კომპანიებს შორის საუკეთესო დამსაქმებლად გამოცხადდა

თიბისი ბანკი მოქმედ კომპანიებს შორის საუკეთესო დამსაქმებლად გამოცხადდა

„სოცკოდექს ჯგუფისა“ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ განხორციელებული კვლევის მიხედვით, თიბისი ბანკი საქართველოში მოქმედ კომპანიებს შორის საუკეთესო დამსაქმებლად გამოცხადდა. ამის აღსანიშნავად, მწვანე სერთიფიკატი თიბისი ბანკს სასტუმრო „რედისონში,“ დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცა. 

კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით თიბისი ბანკი ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზაციაა.

კვლევა პროექტის „დასაქმებულთა და დამსაქმებელთა თანაბარი უფლებებისათვის“ ფარგლებში წელს ჩატარდა. 3 თვის განმავლობაში თბილისში მოქმედი რამდენიმე ათეული ორგანიზაცია გამოიკითხა, რომლის მიზანი იყო იყო არსებული შრომითი ურთიერთობების ანალიზი.   

„შრომითი უფლებების დაცვის მხრივ, ჩვენს ქვეყანაში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა, რაც დადასტურდა პროექტის მიმდინარეობისას. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მდგომარეობის გამოსწორების პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა დაინტერესებული მხარე და ქვეყნის გულშემატკივარი“, - განაცხადა სოცკოდექს ჯგუფის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიძემ.

„ვამაყობთ, რომ თიბისი ბანკი საუკეთესო დამსაქმებლად გამოვლინდა. ჩვენი კომპანია ცდილობს, იყოს ლიდერი თანამშრომელთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. ამ მიმართულებით ჩვენ მუდმივად ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები. მინდა, მადლობა გადავუხადო სოცკოდექს ჯგუფის მთელს შემადგენლობას იმისათვის, რომ ხელს უწყობენ საქართველოში შრომითი უფლებების დარეგულირებას,“- განაცხადა თიბისი ბანკის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა, ნინო გაჩეჩილაძემ.