კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, დღეიდან, საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამა აამოქმედა. კომპანია ახალგაზრდა თაობის მოსაზიდად მსგავსს პროექტებს, ტრადიციულად, ზაფხულის თვეებში ახორციელებს. წლევანდელი პროგრამა გაცილებით ფართომასშტაბიანია, შესაბამისად, მასში ჩართვა, წინა წლებთან შედარებით, მეტ დაინტერესებულ ახალგაზრდას შეეძლება.
პროგრამაში პერსპექტიული კადრების მოზიდვის მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ყველა იმ უმაღლეს სასწავლებლებელს დაუკავშირდა, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით მზაობა 300-ზე მეტმა სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა გამოთქვა. პროგრამაში ჩასართავად, კომპანია 100-მდე ახალგაზრდას შეარჩევს.
პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები და კურსდამთავრებულები სტაჟირებას წყლის მოპოვების, წყლის განაწილების, წყალარინების, დისპეტჩერიზაციის, ქსელების მართვის, აღრიცხვის, ბილინგისა და ენერგეტიკის მიმართულებით გაივლიან.
საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის ამოქმედებით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ახალგაზრდა სპეციალისტების ფორმირებას შეუწყობს ხელს. პროგრამის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით წარმატებულ სტაჟორებს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.