გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილების სამედიცინო პუნქტს თანამედროვე რენტგენული აპარატი გადაეცა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე პროფილაქტიკური გამოკვლევების პარალელურად, უწყებაში თითოეული თვე სახელდება კონკრეტული დაწესებულების თვედ და იქ განთავსებული მსჯავრდებულები/ბრალდებულები გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებას ციხის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიღებენ. ეს იქნება ციხის ცენტრალური საავადმყოფოს დამატებითი სამუშაო და ხელს არ შეუძლის სხვა დაწესებულებების მედ-პერსონალთა მიერ დაგეგმილ და ელექტრონულად რეგისტრირებული რეფერალის განხორციელებას.
მაისის და ივნისის თვე დაეთმობა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო საჭიროებების უზრუნველყოფას. აღნიშნულ აქციაში ჩაერთვება სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ 4 კონსულტანტიც. ივლისის თვე კი სასჯელაღსრულების N15 დაწესებულების თვედ გამოცხადება და იქ განთავსებულ მსჯავრდებულთა სამედიცინო საჭიროებებზე ზრუნვას დაეთმობა. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფილაქტიკური გამოკვლევები 18-19 ივნისს სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში ჩატარდება.
სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს კონსულტაცია შემდეგი ექიმ-სპეციალისტების მიერ უკვე გაეწიათ: ნევროლოგი, უროლოგი, ნარკოლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი. ასევე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული, ექოკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები.
ამასთანავე, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილების სამედიცინო პუნქტში თანამედროვე რენტგენული დიაგნოსტიკური სისტემის ციფრულ დეტექტორიანი აპარატი დაიდგა. აღნიშული აპარატი სიახლეა პენიტენციური სისტემისთვის და მისი საშუალებით ადგილზევე შესაძლებელია ხარისხიანი რენტგენოლოგიური ფირის მიღება და სწრაფი დიაგნოსტიკა, რაც შესაძლებელს ხდის სისტემაში მოხვედრილ პირს მისი თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულებაში შესვლისთანავე ჩაუტარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფილაქტიკური გამოკვლევები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით 2015 წელს დაიწყო და უკვე ჩატარდა N11, N17 და N5 დაწესებულებებში. აღნიშნული გამოკვლევები წლის ბოლომდე გაგრძელდება და სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებას მოიცავს.