საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სტიქიით დაზარალებული ოჯახების განაცხადების შეფასების მეორე ეტაპი დაასრულა.
მინისტრის ბრძანებით შექმნილმა „სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ“ ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მინიჭებული პირველადი ქულები განიხილა და 35 ოჯახი შეარჩია. აღნიშნული ოჯახებისათვის სახლების შესყიდვამდე, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტი მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გადაამოწმებს.
„სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიის“ მუშაობის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს. კომისიის მუშაობაში ჩართულები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პირველ ეტაპზე კომისიის მიერ შერჩეულ იქნა 47 ეკომიგრანტი ოჯახი, რომლებსაც სამინისტრო საცხოვრებელ ფართს შეუსყიდის. სტიქიით დაზარალებული ოჯახები განსახლების ადგილსა და საცხოვრებელ სახლს თავისი სურვილის მიხედვით არჩევენ.
2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, სამინისტრო 90-მდე ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო გარემოში საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფს.