გიორგი მარგველაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს:
იენს სტოლტენბერგი:
„ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ და ჩემთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა ნატო-ს შტაბ-ბინაში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია და ვფიქრობ, თქვენმა ვიზიტმა დღეს ღიად გაუსვა ხაზი მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსა და ნატო-ს შორის. საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძლიერი პარტნიორია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოების მიმართულებით. თქვენ თვალსაჩინო როლს ასრულებთ ჩვენს ოპერაციებში. დღესდღეობით საქართველო არის მეორე უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანა ჩვენს „ურყევი მხარდაჭერის მისია“-ში (Resolute Support Mission) ავღანეთში; ქართული ჯარი ნატო-ს მხარდამხარ იბრძვის მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ამისთვის მეტად მადლიერები ვართ.
სწორედ ამიტომ, ჩვენ კარგად ვთანამშრომლობთ და ნატო მოწოდებულია დაეხმაროს საქართველოს მისი თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად მოდერნიზაციასა და განმტკიცებაში. ეს ხელს შეუწყობს თქვენს მისწრაფებას გახდეთ ნატოს წევრი. ჩვენს სამიტზე გასულ წელს, მოგიწვიეთ, რათა ჩაბმულიყავით ჩვენს ინიციატივაში, რომელიც გულისხმობს პარტნიორებთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას; ჩვენ ასევე უზრუნველვყავით საქართველო-ნატო-ს არსებითი პაკეტი, რათა გაძლიერებულიყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. ეს ინიციატივები კარგად ხორციელდება. ნატო-ს ინსტრუქტორები დაეხმარებიან და მხარს დაუჭერენ მიმდინარე თავდაცვის რეფორმებს და ამ წელს დაფუძნდება საქართველოსა და ნატო-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასებების ცენტრი საქართველოში. ეს ცენტრი გააუმჯობესებს ჩვენი - საქართველოს, ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების ჯარების შესაძლებლობას იმუშაონ ერთად. დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს პროგრესი, უფრო გამჭვირვალე და პასუხისმგებელი თავდაცვის სექტორის შექმნის მიმართულებით; ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი დავინახეთ; მივესალმებით იმ ამბიციურ გეგმებს, რაც ამ წელს გამოაცხადეთ. მოგიწოდებთ მეტად გააღრმაოთ თქვენი დემოკრატიული რეფორმები, რაც მოიცავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას. ბატონო პრეზიდენტო, საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო-ს. მოუთმენლად ველით თქვენთან მუშაობის გაგრძელებას ამ გზაზე; ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით.“
გიორგი მარგველაშვილი
მადლობა ბატონო გენერალურო მდივანო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი პირადად გაცნობა და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა განვიხილო ჩემი ქვეყნისთვის და რეგიონის უსაფრთოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და საკითხები. ჩვენ განვიხილეთ ზოგიერთი ყველაზე პრობლემატური მოვლენა რეგიონში, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ხელშეკრულების გაფორმება და ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს კოლეგებს საქართველოს მთლიანობისა და სუვერენიტეტის კონკრეტული მხარდაჭერისთვის. ჩვენ დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს ტრენინგისა და შეფასებების ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, არსებით პაკეტთან დაკავშირებით და მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი სრულყოფილი მხარდაჭერა ამ არსებითი პაკეტის განვითარებისთვის და ჩვენი ვალდებულება ამ პაკეტის დროული და სრული შესრულების მიმართ. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მონაწილეობა ISAF-ის მისიასა და „ურყევი მხარდაჭერის მისიაში“ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის და საქართველოს საზოგადოების არჩევანს გავხდეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრები. საქართველო გააგრძელებს მის გზას დემოკრატიისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რომელზეც დაფუძნებულია ალიანსი და ასევე განვაგრძობთ თანამშრომლობას სამხედრო მიმართულებით. მადლობელი ვარ ჩვენი დისკუსიისათვის და მომავალი თანამშრომლობისთვის.“
ლიდერების განცხადებების შემდეგ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ქართული მედიის კითხვებსაც უპასუხა:
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი:
„ბატონო გენერალურო მდივანო,
თქვენ ყოველთვის აცხადებთ, რომ არცერთ მესამე ქვეყანას არ ექნება ვეტოს უფლება ნატოს გაფართოებაზე და ნატოს წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მაგრამ ჩვენი ქვეყანა კვლავ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, პრეზიდენტმა ახსენა რუსეთსა და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერები იყვნენ სტუმრებს შორის ორი დღის წინ მოსკოვში და თითქმის ყოველ დღე გვესმის რუსეთის მთავრობისგან, რომ არსებითი პაკეტი მათთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამ რეალობაში, რა მესიჯის გადაცემას ისურვებდით მოსკოვისთვის, რუსეთის პრეზიდენტისთვის ახლა, როცა საქართველოს პრეზიდენტის გვერდით დგახართ?“
„ჩემი მესიჯი ისაა, რომ საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენთვის მისასალმებელია ის თანამშრომლობა, რაც ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მიმდინარე რეფორმებს საქართველოში და მტკიცედ ვუსვამთ ხაზს ყოველი სახელმწიფოს უფლების ფუნდამენტურ მთავარ ღირებულებას თავად გადაწყვიტოს რა გზას მიყვეს, მათ შორის რა სახის უსაფრთხოების რეგულაციებისა და სამხედრო ხაზის წევრი იქნება ის და იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი, ეს თავად საქართველოს და ნატოს 28 წევრის გადაწყვეტილებაა. არცერთ სხვა სახელმწიფოს არ შეუძლია დაადოს ვეტო ან ჩაერიოს ამ პროცესში. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას ამის შესახებ, „გაწევრების სამოქმედო გეგმითა“ და „არსებითი პაკეტით“. საქართველო წინ მიიწევს და ჩვენ მადლიერები ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ნატო-ს სხვადასხვა ოპერაციებში მონაწილეობით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს გადაწყვეტილება თავად საქართველომ და 28 წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს და ვერავინ დაადებს ვეტოს ან ჩაერევა ამ პროცესში. ჩვენ კვლავ ერთგულები ვართ და ვმუშაობთ არსებითი პაკეტის განხორციელებაზე.“
ქართული ტელევიზია, რუსთავი 2:
„ბატონო გენერალურო მდივანო, დღეს დაიწყო ყველაზე დიდი ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები. როგორ აფასებთ ამ ტრენინგებს?“
„მჯერა, რომ პარტნიორობის ნაწილი, რომელიც ჩვენ განვავითარეთ და ვავითარებთ საქართველოსთან და ეს რა თქმა უნდა წვრთნებსაც ეხება, როგორც ნატო-ს, ისე ორმხრივ წვრთნებს ნატო-ს მოკავშირეებსა და საქართველოს შორის. მნიშვნელოვანია სამხედრო ძალების წვრთნა, რომელიც ზრდის ძალების ფუნქციონალურ თავსებადობას, ერთად მუშაობის შესაძლებლობას და ჩვენ ეს ფუნქციონალური თავსებადობა განვავითარეთ ერთობლივი ძალისხმევებით, მაგალითად ავღანეთში. ახლა ჩვენ ვამცირებთ ჩვენს სამხედრო ყოფნას ავღანეთში. ასე რომ, წვრთნები კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება. წვრთნები არსებითი პაკეტის ნაწილია, ასევე ტრენინგ ცენტრის დაფუძნება, რომელიც კიდევ ერთი ელემენტია, და ახლა ჩვენ განვათავსებთ ექსპერტების ძირითად გუნდს, რომელიც ასევე დიდ როლს შეასრულებს საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობაში.“
https://www.president.gov.ge/ge/PressOffice/News?9462