გლდანში პროფესიული მომზადების სასწავლებელში ბავშვთა ნახატების გამოფენა გაიმართა. საგამოფენო სივრცე ავჭალის ტერიტორიულ ერთეულში არსებულ 9 კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნახატებს დაეთმო. ღონისძიებაზე 10-დან 15 წლამდე მოზარდთა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოფენა გლდანის რაიონის გამგებლის ბესიკ ქარცივაძის ინიციატივით, კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებათა ფარგლებში გაიმართა.
“ახალგაზრდებს სტიმული უნდა მივცეთ და წავახალისოთ, დავაჯეროთ, რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია. წარმოდგენილ ნამუშევრებში მათი საინტერესო, ლაღი აზროვნება ჩანს. ღონისძიების მიზანი, ნიჭიერი თაობის წარმოჩენა და მათთვის მხარში დგომაა. გარდა ამისა, გვსურს გლდანის რაიონის სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთის შემოქმედება გაიცნონ, იმეგობრონ და ერთად დასახონ შემოქმედებითი თუ სასწავლო გეგმები,“ - განაცხადა ბესიკ ქარცივაძემ.
გამგებელმა პატარა მხატვრებს თანადგომა აღუთქვა და თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.
გამოფენა 13 მაისს დაიხურება და 18 მაისს განახლდება, სადაც გლდანის რაიონის დანარჩენი სამი ტერიტორიული ერთეულის სკოლები მორიგეობით მიიღებენ მონაწილეობას.