რა ცვლილებები შედის პროფესიული განათლების შესახებ კანონში

რა ცვლილებები შედის პროფესიული განათლების შესახებ კანონში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტი მოამზადა. პროექტი მთავრობამ უკვე მოიწონა. უახლოეს მომავალში, მას საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ. მთავარი კი ისაა, რომ პროფესიული სტანდატები და ახალი პროგრამები უშუალოდ დამსაქმებლების ჩართულობით მომზადდა. ეს ნიშნავს, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად დადგინდა პროფესიათა პორტრეტები-აღწერილობები - რა ცოდნასა და  უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს კურსდამთავრებული, რისი გაკეთება უნდა შეეძლოს, რომ დამსაქმებელმა სამსახურში აიყვანოს. კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ პროფესიულ განათლებაში ე.წ. მოდულური მიდგომა ინერგება. სტუდენტებს, პროფესიის დასაუფლებლად რამდენიმე თეორიული საგნის შესწავლის ნაცვლად, კონკრეტულ პროფესიაზე მორგებული მოდულების გავლა მოუწევთ. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ზოგადად პროფესიულ განათლებაში მიმდინარე ცვლილებები პოტენციურ სტუდენტებს ხელს შეუწყობს, პროფესია სწორად აირჩიონ, სწავლის პროცესში კი, ისეთ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც დასაქმების მეტი პერსპექტივა ექნებათ. რას მოიცავს მოდულური პროგრამები? როგორ დადგინდა პროფესიული სტანდარტები და, ზოგადად, რატომ გახდა საჭირო „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა? „ვერსიის“ კითხვებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პასუხობს:

- ქალბატონო ქეთევან, რატომ გახდა აუცილებელი „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელება და კონკრეტულად რას მოიცავს ცვლილებათა პროექტი?

- ზოგადად, პროფესიულ განათლებაში, განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში,  ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს პროფესიული განათლების გათანამედროვებაზე. ამ პროცესის ძირითადი მხარდამჭერი ევროკავშირია სხვა დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, მაგ. გაერო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, ევროპის განათლების ფონდი, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი, მსოფლიო ბანკი, ესტონეთის განათლების ფონდი, საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაცია და ა.შ.  შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ძირეული ცვლილებები განხორციელდა და პროფესიული განათლება საქართველოში ევროპული სივრცის შესაბამისად ვითარდება. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები სოციალური პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოება. მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მაქსიმალურად იყოს დაახლოებული ერთმანეთთან შრომის ბაზრის მოთხოვნა და საგანმანათლებლო პროგრამები. პროფესიული განათლების მიზანია, მოამზადოს ისეთი კადრი, რომელიც დამსაქმებელს სჭირდება.

- ამ მიზნის მისაღწევად,  ხდება თუ არა შრომის ბაზრის შესწავლა და ამ პროცესში, განათლების სამინისტროს რა როლი აქვს?

-  ცხადია, საჭიროა გვქონდეს სისტემური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გაკეთდება შრომის ბაზრის ანალიზი. ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და პროცესში განათლების სამინისტროც  ჩართულია, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ინფორმაციით მოსარგებლე.   როგორც ვიცი, წლის ბოლოსთვის უკვე მომზადებული იქნება შრომის ბაზრის ანალიზი. ინფორმაციის დამუშავების პროცესში მსოფლიო ბანკიც აქტიურადაა ჩართული. ზუსტი მონაცემების მიღება დაგვეხმარება გადავწყვიტოთ, რა ტიპის პროგრამების გაძლიერებაა საჭირო სხვადასხვა რეგიონისა და სექტორის მიხედვით. მანამდე კი, მნიშვნელოვან ინფორმაციას უშუალოდ დამსაქმებლებისგან ვიღებთ. ევროკავშირის ტექნიკური  მხარდაჭერის პროექტის დახმარებით, ევროპელ და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად შემუშავდა სამოქმედო გეგმა პროფესიული განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც უპირველეს ყოვლისა შრომის ბაზრის, შესაბამისად დამსაქმებლის მოთხოვნებთან კვალიფიკაციებისა და პროგრამების თანხვედრას გულისხმობს. დღის წესრიგში დადგა პროფესიული სტანდარტების გადახედვის საკითხი. აი, სწორედ ამ პროცესშია მნიშვნელოვანი თავად დამსაქმებლების ჩართულობა. ევროპელი ექსპერტები დაგვეხმარნენ და შემოგვთავაზეს პროფესიული სტანდარტების შემუშავების პროცესში დამსაქმებლის ჩართვის სპეციალური, ევროპის მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდოლოგია, რომელიც ეხმარება დამსახმებელს განსაზღვროს ამათუიმ პროფესიის დასაუფლებლად აუცილებელი ცოდნა, უნარები და კომპეტენციები.

- უფრო კონკრეტულად, რას ნიშნავს პროფესიული სტანდარტის შემუშავება დამსაქმებლის მიერ? 

- დამსაქმებელი ადგენს პორტრეტს, თუ როგორი კადრი ჭირდება, რა ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეს მას, რისი გაკეთება უნდა შეეძლოს. დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული ეს პორტრეტი იქცევა საგანმანათლებლო პროგრამის საფუძვლად. რა თქმა უნდა, პროცესში განათლების ექსპერტებიც მონაწილეობენ. დამსაქმებლის ჩართულობა პროფესიული სტანდარტების შემუშავების პროცესში არის იმის წინაპირობა რომ საგანმანათლებლო პროგრამები მოამზადებს დამსაქმებლისათვის სასურველ კადრებს. მნიშვნელოვანია, რომ იცვლება საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მეთოდოლოგია და სწავლების მიდგომაც. აქამდე გვქონდა უფრო საგნობრივი სწავლება. ანუ, განყენებულად ისწავლებოდა სხვადასხვა თეორიული საგანი. მაგალითად, მასალათმცოდნეობა,  კულინარიის ისტორია, ან მარკეტინგის საფუძვლები... ახლა გადავდივართ ბევრად მოქნილ, მოდულურ მიდგომაზე, რომელიც პრაქტიკულ სწავლებაზეა ორიენტირებული.

- რას ნიშნავს მოდულური მიდგომა და რა უპირატესობა აქვს მას აქამდე არსებულ სწავლების მეთოდთან შედარებით?

-  ზოგადად, მოდულური მიდგომა, ორიენტირებულია სწავლის შედეგებზე. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, მარტივი მაგალითით აგიხსნით. მაგალითად, თქვენ გსურთ გახდეთ მზარეული. აქამდე, ამ პროფესიის დაუფლებისას, თქვენ ისწავლიდით საგნებს _ სანიტარული ნორმები, კვების ჰიგიენა, ხელოვნების ისტორია... ამიერიდან, ინფორმაცია, რომელიც თქვენ, როგორც მომავალ მზარეულს, გჭირდებათ, მოდულებში შესაბამის პრაქტიკულ უნარებთან ერთად არის კონცენტრირებული. მაგალითად, გადაწყვიტეთ ეროვნული სამზარეულოს შესწავლა. ყველა ინფორმაცია, უნარი, რომელიც გჭირდებათ ქართული კერძების მოსამზადებლად, განზოგადებულად სხვადასხვა საგანში კი არა, შესაბამის ერთ მოდულში იქნება თავმოყრილი. მზარეულობის მსურველი სხვა სტუდენტი დაინტერესდება ფრანგული, იტალიური ან სულაც, აზიური სამზარეულოთი და ისწავლის შესაბამისი მოდულით. ეს მიდგომა პროფესიონალიზმს აამაღლებს. გარდა ამისა, დასაქმების პროცესში, დამსაქმებელსაც გაუადვილებს საქმეს _ შესაბამის, კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტში მარტივად იქნება ასახული, რისი გაკეთება შეუძლია ამა თუ იმ პირს და დამსაქმებელიც, ადვილად გადაწყვეტს, შეესაბამება თუ არა ეს სპეციალისტი მის მოთხოვნებს.

- ეს მიდგომა, უკვე კურსდამთავრებულებს თუ აძლევს საშუალებას, რომ უკვე მიღებული ცოდნა გაიღრმავონ?

-  დიახ. მოდულური მიდგომა ძალიან კარგია არა მხოლოდ სკოლიდან გამოსული კონტიგენტისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ, ცოდნა გაიღრმავონ, გადაემზადონ, ან შეიძლება, შეიცვალონ კიდეც პროფილი. ამ  შემთხვევაში, მათი ადრე მიღებული განათლების აღიარება მოხდება და მათ აღარ მოუწევთ დროის დახარჯვა _ სრული პროგრამის გასავლელად. ისინი მხოლოდ დმატებით აირჩევენ იმ მოდულებს, რომლებიც პროფესიის შესაცვლელად თუ ცოდნის გასაღრმავებლად სჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ თვითონ მოდულები დაჯგუფებულია სხვადასხვა მიმართულებით. თითოეულ ჯგუფში არის კონცენტრირებული სხვადასხვა კომპონენტი, რაც სტუდენტს მისთვის სასურველი სპეციალიზაციის არჩევის საშუალებას მისცემს. რადგან მზარეულის მაგალითზე ვისაუბრეთ, ისევ ამ შემთხვევაზე მოგახსენებთ. მაგალითად, მოდულების ჯგუფში, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული სამზარეულოს შესწავლას, შეიძლება იყოს ისეთი მოდული, როგორიცაა, საკონდიტრო ნაწარმი, ქართული ჩაროზი... ასე რომ, როდესაც სტუდენტი ირჩევს პროგრამას, რომელიც უნდა გაიაროს, ზუსტად ხვდება,  რისი გაკეთება შეეძლება მისი დასრულების შემდგომ. ექსპერტების აზრით ეს მიდგომა გაამართლებს.

- ამბობთ, რომ პროფესიული სტანდარტის განსაზღვრის პროცესში დამსაქმებლებიც არიან ჩართულები. კონკრეტულად რა კატეგორიის დამსაქმებლებთან თანამშრომლობს განათლების სამინისტრო? 

- ზოგადად, დამსაქმებლის ჩართულობა ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია, დაგეგმვიდან განხორციელების ჩათვლით. ამ პროცესს მათთვისაც შეუძლია სარგებლის მოტანა. ხშირად, თავადაც კითხულობენ კოლეჯებში ლექციებს, რათა სტუდენტებთან შეხება ჰქონდეთ და ცოდნა გადასცენ მათ. განათლების სამინისტროში არის სათათბირო ორგანო, სადაც სოციალური პარტნიორები არიან წარმოდგენილნი. ზოგადად, პოლიტიკის ფორმირების პროცესში, მათთან კონსულტაციებს გავდივართ. სოციალური პარტნიორები არიან პროფკავშირები, დამსაქმებლები, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები და მსხვილი კომპანიები, ასევე  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები....  ვცდილობთ, ყველა მიმართულება მოვიცვათ, რათა გავითვალისწინოთ ყველა ტიპისა და ზომის ბიზნესის საჭიროება. დიდი ყურადღება ექცევა საწარმოო პრაქტიკის კომპონენტს და სამუშაო ადგილზე სწავლებას, რაც ასევე ხელს უწყობს სტუდენტის პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, პოტენციური თანამშრომლისა და დამსაქმებლის სამომავლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ანუ კურსდამთავრებულის დასაქმებას. საწარმოო პრაქტიკის დროს დამსაქმებელი უკეთესად ეცნობა პროფესიული სტუდენტის შესაძლებლობებს რაც ეხმარება ჩამოიყალიბოს აზრი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

- ეს, ალბათ, იმასაც შეუწყობს ხელს, რომ პროფესიული განათლების მიღების შემდეგ, კურსდამთავრებულს მეტად ჰქონდეს დასაქმების გარანტია. ზოგადად, პრაქტიკას რამდენად დიდი ყურადღება ექცევა სწავლების პროცესში?

- შრომის ბაზრის მოთხოვნასთან დაკავშირებული სანდო ინფორმაცია, დაეხმარება პოტენციურ სტუდენტს, გაიაზროს, თუ რა პერსპექტივა, რა ტიპის სამუშაო არსებობს ბაზარზე, სად შეუძლია დასაქმდეს და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღოს. სწორად შეარჩიოს პროფესია. ამისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დამატებითი ინსტრუმენტებიც აქვს. მაგალითად, პროფორიენტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს ვაწვდით ინფორმაციას, რა ტიპის პროფესიები არსებობს. შემდეგ, სწავლების პროცესში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკას. ზოგადად, პროფესიულ განათლებაში ძლიერდება პრაქტიკული კომპონენტი. მისი გაძლიერებისთვის, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან. განვიხილავთ, თვითონ სამუშაო ადგილზე სწავლების შესაძლებლობებსაც. ამ პროცესში, სტუდენტი პრაქტიკასაც მიიღებს და დამსაქმებელთან უშუალო შეხება და, შესაბამისად, დასაქმების მეტი პერსპექტივაც ექნება. პარალელურად, სახელმწიფო ზრუნავს, აღვზარდოთ, არა მხოლოდ, კონკრეტული საქმის პროფესიონალი, არამედ, ზოგადად, მოქალაქე პასუხისმგებლობის გრძნობით, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი იქნება. პროგრამები ისე იგეგმება, რომ სტუდენტებმა არა მხოლოდ პრაქტიკული უნარები, არამედ სხვა საკვანძო უნარებიც გამოიმუშავონ. მაგალითად, აქცენტს ვაკეთებთ გადაწყვეტილების მიღებაზე, კომუნიკაციის უნარების გამომუშავებაზე, სამოქალაქო განათლებაზე, მეწარმეობაზე... ეს საკვანძო უნარები, ადამიანს ბევრად უკეთ ამზადებს, შემდგომი პროფესიული ცხოვრებისთვის და რაც მთავარია, იმისთვის, რომ  მიაღწიოს წარმატებას არჩეულ სფეროში..

-  მიაღწიოს წარმატებას საზღვარგარეთაც?

- პირველ რიგში, ვითვალისწინებთ საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და პროგრამები მორგებული იქნება ჩვენი ქვეყნის რეალობაზე, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ საკუთარ ქვეყანაშიშეძლოს  შესაძლებლობების რეალიზება. თუმცა, ვინაიდან პროფესიული განათლება საქართველოში სწორედ ევროპული სტანდარტების შესაბამისად ვითარდება, მიგვაჩნია, რომ კურსდამთავრებულს წარმატების მიღწევა ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლება. 

- სასწავლებლებს თუ აქვთ რესურსი, ღირსეულად შეხვდნენ აღნიშნულ ცვლილებებს?

- ამ მიმართულებითაც კონცენტრირებული მუშაობა მიმდინარეობს. გვაქვს სპეციალური პროგრამები სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, რომლებიც მიზანმიმართულია სწორედ სასწავლებლების რესურსის გაძლიერებაზე, მასწავლებლების გადამზადებაზე, ტექნიკურ-მატერიალური ბაზის გაძლიერებაზე...

მნიშვნელოვანია მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი. აღსანიშნავია, რომ შემუშავდა პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფცია და კონცეფციის განხორციელების გეგმა. მასწავლებლები გადამზადებას გაივლიან მაღალტექნოლოგიუ საწარმოებში, ტარდება ტრენინგები სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებაში; სწავლება-შეფასების თანამედროვე მეთოდებში ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით და ა.შ. გარდა ამისა, მნიშვნელოვნი სამუშაოები დაიწყო და ხორციელდება გარემოსა და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივების შემუშავების მიმართულებით, რომელშიც ხდება იმ სასწავლო გარემოს, საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის და მასალების იდენტიფიცირება, რაც აუცილებელია მოდულური პროგრამების სრულფასოვანი სწავლებისათვის. ეს ნორმატივები საფუძვლად დაედება სასწავლო ლაბორატორიების, სპეციალიზებული კლას–კაბინეტების შექმნას და აღჭურვას. ნორმატივებს პროფესიული განათლების გერმანელმა ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს. გათვალისწინებულია ინკლუზიური განათლების პრინციპები. მოდულური პროგრამების სტუდენტებს მიმდინარე წლის შემოდგომიდან მიეცემათ საშუალება სწორედ ამ სტანდარტებით შექმნილ გარემოში დაეუფლონ 50–ზე მეტ პროფესიას. ამ მიმართულებით სახელმწიფოსთან ერთად დონორებიც არიან ჩართულები. მაგალითად, `ათასწლეულის გამოწვევის~ ფარგლებში დაგეგმილია საგრანტო კომპონენტი _ დაახლოებით 16 მილიონამდე დოლარის მოცულობით, რომელშიც კერძო დაწესებულებებსაც შეეძლებათ მონაწილეობა და თანხების სწორედ რესურსების გაძლიერება-გაუმჯობესებაზე მიმართვა..

- მოდულური პროგრამა ყველა კოლეჯში დაინერგება?

-  მოდულები უკვე შემუშავებულია. დღეისათვის  102 მოდულური პროგრამა გვაქვს მზად.  7 პროგრამა სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით შემუშავდა და უკვე დანერგილია სახელმწიფო სასწავლებლებში. დანარჩენი პროგრამები მზად არის დასანერგად. მუშავდება სასწავლო მასალებიც. სასწავლებლების მხრიდან არის მზაობა და სურვილი, უკვე დანერგონ ეს პროგრამები. კერძო კოლეჯები აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში და მიაჩნიათ, რომ ეს მიდგომა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროფესიული განათლების ხარისხს. „პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია“ დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ, რომლის შესაბამისად, 2017 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია მოდულური მიდგომის სრული დანერგვა.

- მთავრობამ სამინისტროს მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტს მხარი დაუჭირა. მხარდაჭერას საკანონმდებლო ორგანოშიც ელოდებით? 

ცვლილებები აუცილებელია, რათა პროფესიულ განათლებაში განხორციელებული მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი სამუშაოები კიდევ უფრო გამყარდეს საკანონმდებლო ბაზით. კანონმდებლობა უნდა პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს, რეგულაციები უნდა ქმნიდეს თავსებადობას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან და შესაბამისად, საჭიროებს ცვლილებებს.  მაგალითად, საუბარია პროფესიული სტანდარტის ახლებურ, ევროპულ მოდელთან შესაბამის განმარტებაზე. არსებობს 340-მდე პროფესიული სტანდარტი. აქედან, აქტიურ გამოყენებაშია დაახლოებით 160. დაახლოებით 170 პროფესიული სტანდარტის პროექტი დამსაქმებლებთან ერთად მომზადდა ან გადაიხედა ევროპული მიდგომების შესაბამისად. ამ პროექტების დასამტკიცებლად კი საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები. პროეფესიული სტანდარტების პროექტები ასახავს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. ეს ვალდებულება აღებული გვაქვს და დაფიქსირებულია ევროპასთან ასოცირების შეთანხმებაშიც. ასე რომ, ეს ცვლილებები აბსოლუტურად თავსებადია ასოცირების შეთანხმებასთან,  პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიასა და იმ პროგრამებთან, რომელსაც ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 მზად ვართ წარვადგინოთ ინფორმაცია საკომიტეტო მოსმენებზეც, პლენარულ სხდომებზეც... ვფიქრობ, ეს ცვლილებები დეპუტატებისთვისაც მისაღები იქნება და პარლამენტი მას მხარს დაუჭერს.