„სინათლის ქალაქი“ გარე განათების ბოძების შეღებვას იწყებს.

„სინათლის ქალაქი“ გარე განათების ბოძების შეღებვას იწყებს.

2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, „სინათლის ქალაქი“ აეროპორტის გზაზე მდებარე გარე განათების ბოძების შეღებვას იწყებს.   აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ 225 ბოძი შეიღებება. სამღებრო სამუშაოების დაწყებას ადგილზე დღეს „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვენელები დაესწრნენ. ვასილ ხორავამ და მისმა მოადგილეებმა ბოძების შეღებვაში მონაწილეობა პირადად მიიღეს.

„სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელის თქმით, 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება მთელი თბილისის მასშტაბით დაწყებულია და მასში „სინათლის ქალაქი“ აქტიურად არის ჩართული. ხორავას თქმით, სწორედ ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ხდება დღეს აეროპორტის გზაზე მდებარე 225 სანათი ბოძის განახლება და სამღებრო სამუშაოების დაწყება.

„თბილისის მასშტაბით გარე განათების ბოძები საჭიროებს განახლებას და შეღებვას. ბოძები უმაღლესი ხარისხის საღებავით შეიღებება, რომელსაც 7 წლიანი გარანტია აქვს“- განაცხადა ვასილ ხორავამ.

ვასილ ხორავას თქმით, მიმდინარე სამუშაოებზე 120 ადამიანი და 20 ერთეული ტექნიკაა დასაქმებული. მისივე თქმით, მიმდინარე სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. 

შეგახსენებთ, „სინათლის ქალაქი“  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის გარე განათების ბოძების შეკეთების სამუშაოებს მთელი თბილისის მასშტაბით ახორციელებს. ამ ეტპაზე  თბილისის ზღვისა და ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე 609  ბოძია შეღებილი.  სულ კი 3 ათასი ბოძის შეღებვაა დაგეგმილი.