თიბისი ბანკმა და მამუკა ხაზარაძემ

თიბისი ბანკმა და მამუკა ხაზარაძემ "ასავალ-დასავალს" სასამართლო პროცესი მოუგო

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოცხადა გადაწყვეტილება გაზეთ "ასავალ-დასავალის" წინააღმდეგ თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის სარჩელთან დაკავშირებით .

სასამართლომ დააკმაყოფილა თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის სარჩელი და დაავალა გაზეთ "ასავალ-დასავალს" მის მიერ გავრცელებული ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა. კერძოდ, გაზეთის ფურცლებზე უნდა გამოქვეყნდეს უარმყოფელი სტატიები, რომლითაც მკითხველს ეცნობება, რომ სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის შესახებ, კერძოდ:

 (1) არ შეესაბამება სინამდვილეს ის, რომ თითქოსდა მამუკა ხაზარაძემ და "თიბისი ბანკმა" უკანონოდ მიისაკუთრა "ელიტ ელექტრონიქსი", თავისუფლების მოედანზე მდებარე "ცეკავშირის" შენობა, "ბორჯომის" აქტივები და ცდილობს "გუდვილის" გაკოტრებას;

(2) არ შეესაბამება სინამდვილეს ის, რომ მამუკა ხაზარაძე არბევდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგებს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, მერაბ კოსტავას;

(3) მამუკა ხაზარაძეს არანაირი კავშირი არ აქვს 2014 წლის 21 მარტს სოფელ გორაში მომხდარ თვითმკვლელობასთან.

თიბისი ბანკი და მამუკა ხაზარაძე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ თანხის დაკისრების ნაწილში სასამართლოს უარს, რადგან ფაქტია, რომ „ასავალ-დასავალის" მიერ სამომავლოდ ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის ტირაჟირების ერთადერთი პრევენცია სწორედ მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებაა.

შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკმა და მამუკა ხაზარაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალის" წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში გასული წლის თებერვალში შეიტანა და პატივისა და ღირსების შელახვისათვის მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 160,000 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა მოხმარებოდა თავისუფალი მედიის განვითარებას.