სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, მინისტრის მოადგილემ ბესო დევდარიანმა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა თბილისის პრობაციის ბიუროს ოფისის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს და ობიექტზე დასაქმებული პრობაციონერები მოინახულეს.
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ახალ ოფისში ყველა პირობაა შექმნილი პრობაციონერთა მოტივაციის ასამაღლებლად.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პრობაციის ბიუროს ოფისის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე დასაქმებულნი არიან პრობაციონერები, რაც მათი რესოციალიზაციის საწინდარია,“ - განაცხადა სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
ახალ ბიუროში პირობით მსჯავრდებულებისთვის მოეწყობა თანამედროვე სარეგისტრაციო სივრცე, ინდივიდუალური გასაუბრებისა და ჯგუფური თერაპიის ოთახები; კომფორტული სამუშაო გარემო შეექმნებათ პრობაციის ბიუროს თანამშრომლებს, იფუნქციონირებს მსჯავრდებულებთან ვიდეოპაემნის სერვისი. პრობაციის ბიუროს ახალ ოფისში ყველა პირობა იქნება შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
გიორგი მღებრიშვილი გაესაუბრა ობიექტზე დასაქმებულ ხუთ პრობაციონერს, რომელთაც შრომითი ხელშეკრულება პრობაციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობით გაუფორმდათ. თბილისის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა თითოეულის რისკები და საჭიროებები და მხოლოდ შესაბამისი შეფასების საფუძველზე გაიცა მათზე დასაქმების რეკომენდაციები. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, პრობაციონერები სამშენებლო ობიექტზე სხვადასხვა სახის დამხმარე სამუშაოს ასრულებენ და დღიურად 20 ლარს იღებენ.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, 2014 წელს უკვე 145 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.