სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიება წარმატებით მიმდინარეობს. 21 დეკემბრის მონაცემებით გლეხებმა ქარხნეში 7,449 ტონა მანდარინი ჩააბარეს. სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ პროგრამაში ოთხი კომპანიაა ჩართული: „Georgian Industrial Asset Management Group“, „TCF GEORGIA“, „GEO-FLOWER“, „ჯეო-კონცენტრატი“.
სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ნოდარ კერესელიძემ და იური ნოზაძემ ქალაქ ბათუმში საკოორდინაციო შტაბისგან მოისმინეს.
სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ჩაბარების პროცესს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ქარხნებში პირადად გაეცნო.
საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება 24 ნოემბრიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. 19 დეკემბრის მონაცემებით კომპანიებმა გლეხებისგან 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მანდარინი შეიძინა, სუბსიდიის თანხა კი 744 ათას 933 ლარს შეადგენს.
კომპანიებს სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიის გარდა საშუალება აქვთ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მე-6 კომპონენტის ფარგლებში აიღონ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.
მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 2 000 000 ლარია. სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.