სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა წლიური ანგარიში წარადგინა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა წლიური ანგარიში წარადგინა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მედიას „ღია მმართველობის“ ფორმატში სამინისტროს მუშაობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა და საზოგადოებას სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო.

მინისტრის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში განხორციელდა 20-ზე მეტი დიდი თუ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი და საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა პატიმრობის კოდექსში, რამაც არსებითად გააუმჯობესა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები.

წარმატებით განხორციელდა პენიტენციური ჯანდაცვის 18-თვიანი რეფორმა და დაიწყო 4-წლიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მიღწეული შედეგის გაუჯობესებას ისახავს მიზნად.

მიმდინარეობს C ჰეპატიტის მკურნალობის, დიაგნოსტირებისა და პრევენციის უპრეცედენტო პროგრამა, რომლის ფარგლებში უკვე 173 მსჯავრდებული განიკურნა. პროგრამა 1000 მსჯავრდებულის მკურნალობას და 12 000 მსჯავრდებულის გამოკვლევას ითვალისწინებს.

 დაინერგა და მიმდინარეობს ექსკლუზიური სასწავლო პროგრამები სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებისა და სამედიცინო პერსონალისთვის.

არსებითი ცვლილებები მოხდა პრობაციის სისტემის მიმართულებით. ამოქმედდა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, რომელიც პირველია სამხრეთ კავკასიაში და ატარებს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის იდეას. როგორც სასჯელაღსრულების, ისე პრობაციის სისტემაში გაძლიერდა მუშაობა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და რისკების შეფასების ინსტრუმენტებზე მუშაობა, რომლებიც მალე ამოქმედდება და გააუმჯობესებს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და მართვის  პროცესს.

გიორგი მღებრიშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად მიღწეული შედეგისა, რჩება გამოწვევები, პირველ რიგში, ეს არის რიგი ინფრასტრუქტურული საკითხები, ასევე სისტემის მოსამსახურეთა კვალიფიკაცია და განათლება. 

სისტემის გაჯანსაღების მიზნით, მინისტრის ინიციატივით, შემუშავდა სასჯელაღსრულების სისტემის ყველაზე მასშტაბური ინსტიტუციური რეფორმა. მტკიცედ მჯერა, რომ აღნიშნული რეფორმა არსებულ ხარვეზებს მაქსიმალურად აღმოფხვრის და დაგვაახლოვებს ევროპულ სტანდარტებთან.

ინსტიტუციური რეფორმის მთავარი მიზნებია: პენიტენციური სისტემის ერთიანი მართვის თანამედროვე, ეფექტიან მოდელზე გადასვლა, უსაფრთხოების სამსახურების მოდერნიზაცია, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის გაძლიერება, ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანი შიდა მონიტორინგის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, ადმინისტრირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და მის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა, თანამშრომელთა სოციალური სამართლებრივი და უსაფრთხოების გარანტიების გაზრდა.

„აღნიშნული რეფორმის შედეგი უნდა იყოს რეაბილიტირებული მსჯავრდებული და უსაფრთხო გარემო, რაც ყველა ჩვენგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვერც ერთი რეფორმა ვერ იქნება წარმატებული საზოგადოების თანადგომის გარეშე და მე მჯერა, რომ თქვენგან  ამ მხარდაჭერას მივიღებ.“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, სასჯელის მოხდის პარალელურად ადამიანებს მიეცეთ განვითარების, რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის საშუალება. ამ კუთხით ორი წლის განმავლობაში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები.

მიმდინარე წელს სხვადასხვა სახელობო და პროფესიული კურსებში ჩართულია 598 მსჯავრდებული. საგანმანათლებლო კურსებს გადის 306 მსჯავრდებული. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წლის განმავლობაში განხორციელდა 22 ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კურსი, გარდა ამისა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ უკვე გაიწერა 10 ყველაზე მოთხოვნადი ფსიქო-სოციალური პროგრამა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება. 

აქტიური მუშაობა გრძელდება პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებითაც. ამ მიზნით, 2014 წელს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული - სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო, რომელიც პრობაციონერთა საჭიროებებიდან გამომდინარე, ყველა რეგიონში ნერგავს ფსიქო–სოციალურ სერვისებს.

პენიტენციურ სისტემაში ერთ-ერთი პრიორიტეტია სისტემის თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლება. წელს ამ მიზნით 70-ზე მეტი სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი ჩატარდა, რომელიც 2246-მა მონაწილემ გაიარა.

საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოებისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, ამ მიზნით, მიმდინარე წელს ორი უმნიშვნელოვანესი შეთანხმება დაიდო: მემორანდუმი აშშ-ის საელჩოსთან, რომლის ფარგლებში სისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის აშშ-ის მთავრობამ 1 მილიონი დოლარი გამოყო, ასევე გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად შემუშავებული საექსპერტო და ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელიც სისტემის თანამშრომელთა სწავლებასა და გადამზადებაზე იქნება ორიენტირებული.

წლის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ სასჯელაღსრულების სისტემა აღარ ფიგურირებს საერთაშორისო ანგარიშებში, როგორც ერთ-ერთი პრობლემური სფერო, ხოლო განხორციელებული რეფორმები პოზიტიურად არის შეფასებული.