ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტის რეზოლუცია

ხუთშაბათს ევროპარლმანეტმა დაამტკიცა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს ხელშეკრულება გააღრმავებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკურ დაახლოებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას, შესაბამისი ბაზრების ეტაპობრივი გახსნის ჩათვლით.

უკრაინისა და მოლდოვას შემდეგ ეს დოკუმენტი მესამეა ასოცირების ხელშეკრულებათა რიგში, რომლის რატიფიცირებაც ევროპარლამენტს ეთხოვა. რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 490-მა პარლამენტარმა 76-ის წინააღმდეგ. კენჭისყრას არ ესწრებოდა 57 დეპუტატი.
„ევროკავშირის მიერ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებით დაიწყო ახალი ეტაპი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში“, - განაცხადა ევროპარლამენტის მომხსენებელმა ანდრეს მამიკინსმა (სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსის წევრი ლატვიიდან). „საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია რეფორმებისა და ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცების კუთხით. ჩვენ მივესალმებით მართლმსაჯულების სისტემაში ბოლო დროს განხორციელებულ რეფორმებს, რომელთა მიზანიცაა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებაში ქართული საზოგადოებისათვის დახმარების გაწევა. წინ ბევრი სამუშაო გველის, თუმცა გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქართველებს პრობლემების გადაჭრა სჩვევიათ და არა გვერდის ავლა. ჩემი აზრით, დღეს ევროპამ საქართველოს, ქართველ ხალხს სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს “, - დასძინა მან.

რუსეთის ზეწოლა აფხაზეთზე

თანმდევი რეზოლუციის თანახმად, რომელსაც ხმა მისცა 491 დეპუტატმა 84-ის წინააღმდეგ (კენჭისყრას არ ესწრებოდა 63 პარლამენტარი), ევროპარლამენტის წევრები ხაზს უსვამენ, რომ ასოცირების ხელშეკრულება ძალაშია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას.
ევროპარლმანეტი გმობს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ეგრეთ წოდებულ“ შეთანხმებას აფხაზეთსა და რუსეთს შორის, როგორც აფხაზეთის სრული ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს, და მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს ეს შეთანხმება. 

რეფორმების დღის წესრიგი

გარდა ამისა, ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას რეფორმების გატარების კუთხით, და სხვა ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს მსგავსად, მასაც აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, თუ ის დააკმაყოფილებს შესაბამის პირობებს. მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს რეფორმების კონსოლიდაციისკენ, მოუწოდებს მას წერტილი დაუსვას სამართლის შერჩევით და პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებას და ძალისხმევა მიმართოს ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ, რომლისთვისაც უცხო იქნება დისკრიმინაცია, რომელშიც იქნება პლურალიზმი, ტოლერანტობა, სოლიდარობა და თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის.