სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება მედიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას სამხრეთ კავკასიაში ანალოგი არ გააჩნია.
„აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მსჯავრდებულმა გაიაროს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სრული პროცესი და სრულფასოვან ადამიანად დაუბრუნდეს თავის ოჯახს. ეს დაწესებულება ასრულებს ხიდის ფუნქციას მსჯავრდებულებსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის,“ - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
დაწესებულება 75–100 მსჯავრდებულისთვისაა გათვალისწინებული. ტერიტორიაზე განთავსებულია საცხოვრებელი კომპლექსი, სარეაბილიტაციო ცენტრი, აშენდა მრავალპროფილიანი საწარმოო შენობა, რომელიც მალე დაიწყებს ფუნქციონირებას, ასევე სპორტული მოედნები, ღია ეზო (სასეირნო ბილიკები, პაემნების ადგილი), შეხვედრების ოთახი, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი, მაღაზია, კომპიუტერული კლასი, მოსასვენებელი ოთახი და ბიბლიოთეკა.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ძირითად მიზანს მსჯავრდებულის რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია და გათავისუფლებისთვის მომზადება წარმოადგენს. დაწესებულებაში ხდება იმ მსჯავრდებულების განთავსება, რომლებსაც ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით შეეცვლებათ. 2017 წლიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსდებიან პირები, რომლებსაც სასამართლო თავისუფლების შეზღუდვას შეუფარდებს.
დაწესებულებაში განთავსებულ პირებს, დღის განრიგის მიხედვით, არ აქვთ შეზღუდული ერთმანეთთან ურთიერთობისა და ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება; ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, შაბათ-კვირას შეუძლიათ დატოვონ დაწესებულების ტერიტორია და წავიდნენ ოჯახებში, ასევე შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ ელექტრიკოსის, მეფილე-მომპირკეთებლის, ბუღალტერის, კომპიუტერული ინჟინრის, სტილისტის, მემინანქრის პროფესიები, ასევე დასაქმდნენ და შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა პროფილის საწარმოში. მსჯავრდებულები უკვე დასაქმებულნი არიან მაკარონის საამქროში.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ძირითადი ფუნქცია მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მომზადებაა, შესაბამისად, დაწესებულებაში ტარდება ინტენსიური სამუშაოები პატიმრობაზე დამოკიდებულების მოხსნისა და ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის მიზნით. ხდება მსჯავრდებულთა ინტენსიური რეაბილიტაცია; მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადება; დასაქმების მოტივაციის ამაღლება და სამომავლო ცხოვრების დაგეგმვის მიზნით, სოციალური უნარ-ჩვევების აღდგენა.
შეგახსენებთ, რომ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება 2014 წლის ივნისში გაიხსნა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თქმით, 2015 წელს იგეგმება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მშენებლობა დასავლეთ საქართველოშიც.