კომპანია „რიჩ მეტალს გრუპი“, რომელიც წარმოადგენს საწარმოების „არემჯი გოლდისა“ და „არემჯი კოპერის“ გაერთიანებას, ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას და პასუხობს ნაციონალური მოძრაობისა და მისი წარმომადგენლის გივი თარგამაძის 15 დეკემბერს, პრესკონფერენციაზე დაფიქსირებულ ბრალდებებს:
გვსურს განვაცხადოთ, რომ ბატონი თარგამაძის მიერ ნათქვამი თითოეული მოსაზრება არის მორიგი ტყუილი, მხოლოდ პოლიტიკური მიზნებითა და საყდრისის პრობლემის კონსტრუქციული გზით გადაჭრის დისკრედიტაციის მცდელობით არის ნაკარნახევი. ბატონი გივი ცდილობს მიზანმიმართულად შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში და ამით კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი ნებისმიერი განცხადება მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებით არის ნაკარნახევი.
კომპანიის მენეჯმენტის მისმართით გამოთქმულ შენიშვნების საპასუხოდ გვსურს ვთქვათ, რომ „არემჯი“ გამჭვირვალე ბიზნესორგანიიზაციაა, რომლის საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და ბიზნესის წარმოების ეთიკურ ნორმებს. მისი დამფუძნებელია ბიზნესმენი დიმიტრი ტროიცკი და უშუალოდ მისი, ასევე კომპანიის გენერალური დირექტორის სერგეი ეგანოვის და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ ხდება საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა, წინა ხელისუფლების დროს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით.
რაც შეეხება კომპანიისთვის ლიცენზიის გახანგრძლივების ფაქტს, ეს გადაწყვეტილება მოტივირებული იყო იმით, რომ თავად ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, წლების განმავლობაში მიმდინარე სამეცნიერო დისკუსიის და სამართლებრივი დავის გამო კომპანიას არ მიეცა აღნიშნული უბნის სამრეწველო ათვისების შესაძლებლობა.
ბატონმა თარგამაძემ ასევე სრულიად უსაფუძვლოდ დასდო ბრალი კომპანიასა და ღვაწლმოსილ მეცნიერებს კორუფციულ გარიგებაში, რასთან დაკავშირებითაც გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: დასახელებული გვარებიდან არც ერთი მეცნიერი (მათ შორის ვახტანგ ლიჩელი, რომელსაც კომპანიასთან არანაირი კავშირი არ აქვს), ჩვენი ინფორმაციით, არ იყო იმ საბჭოს წევრი, რომელმაც 2014 წლის 12 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ძეგლის სტატუსის გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, „არემჯის“ საქმიანობაში კორუფციული კვალის ძიება სრულიად უადგილოა.