დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია ებრაული კომპანიის LR GROUP რეგიონულ დირექტორს, მაქსიმ ზელინსკის შეხვდა. LR GROUP - უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც დაარსების დღიდან მსოფლიოში წარმატებით ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით.
„ის ფაქტი, რომ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, როგორიცაა „LR GROUP“ დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციებით, ნათლად ადასტურებს, საქართველოში ჯანსაღი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს არსებობას“, - განაცხადა შეხვედრაზე ოთარ დანელიამ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს დარგის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით დააფიქსირა მზადყოფნა მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს ახალი ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს სოფლის მეურნეობაში.
„ეს ჩვენი მეორე სამუშაო ვიზიტია, რომლის მიზანიც არის, ქართულ მხარესთან ერთობლივი, აგროსამრეწველო საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივების განხილვა“, - განაცხადა რეგიონულმა დირექტორმა, მაქსიმ ზელინსკიმ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის პოტენციალი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დარგში მეცხოველეობის, მეთევზეობის და სასათბურე მეურნეობების განვითარების მიმართულებებით არსებობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე.