პრობაციის ეროვნული სააგენტო კონკურსში გამარჯვებულ რამდენიმე პირობით მსჯავრდებულს ბიზნეს წინადადებებს დაუფინანსებს. სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ 13 დეკემბერს გამოავლინა სამი საუკეთესო ბიზნეს პროექტის ავტორი, რომლებიც 3000-დან 7000 ლარამდე ოდენობის გრანტს მიიღებენ. საკონკურსო კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა „საქართველოს ბანკის" წარმომადგენელიც, რომელიც მისი ორგანიზაციისთვის მისაღებ ორ ბიზნეს ინიციატივას დააფინანსებს.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი არსოშვილის განცხადებით, თითოეული გამარჯვებული დაასაქმებს არანაკლებ ორ პრობაციონერს, რაც მნიშვნელოვანია როგორც მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ისე რესოციალიზაციის კუთხით. გამარჯვებული პროექტების ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიღებული გრანტი საწარმოს განვითარებისთვის გამოიყენონ ან წამოიწყონ მცირე ბიზნესი.
პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურსი, რომელიც პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფ ბენეფიციარებს შესაძლებლობას მისცემდა, წამოეწყოთ ან განევითარებინათ საკუთარი მცირე ბიზნესი, 2014 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა. შემოსული განაცხადებიდან კომისიას განსახილველად გადაეცა 11 განაცხადი.
საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ბიზნესმბუდსმენის, სახალხო დამცველის, საბანკო სექტორის, პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციის, მასმედიის წარმომადგენლები და ერთი პირობით მსჯავრდებული.
ზემოაღნიშნული პროექტი ხელს უწყობს მცირე ბიზნესის წახალისებას, პირობით მსჯავრდებულთა დასაქმებას და რესოციალიზაციას.
მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, პირობით მსჯავრდებულთა დასაქმება არ წარმოადგენს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას, აანალიზებს რა პრობაციონერთა შრომითი უზრუნველყოფის მნიშვნელობას მათი რესოციალიზაციის პროცესში, 2014 წელს, სააგენტოს უშუალო ძალისხმევით, უკვე 143 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.