თიბისი ბანკისა და ბანკი კონსტანტას კონსოლიდაცია იანვარში შედგება

თიბისი ბანკისა და ბანკი კონსტანტას კონსოლიდაცია იანვარში შედგება

თიბისი ბანკისა და „ბანკი კონსტანტას" კონსოლიდაციის პროცესი დაიწყო და ის იურიდიულად 2015 წლის იანვარში გაფორმდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს ჟურნალისტებს თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტან ბუცხრიკიძემ და თიბისი ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ქურდიანმა აცნობეს.

მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება თიბისი ბანკის აქციონერთა კრებამ მიკროფინანსების ბაზარზე არსებული ახალი გამოწვევებისა და ამ ბიზნესში ზრდის მაღალი პოტენციალის გამო მიიღო.

მიკროსაფინანსო ბაზარზე მოქმედი ლიდერი ფინანსური ინსტიტუტი, „ბანკი კონსტანტა", რომლის აქციების 100%-ის მფლობელი თიბისი ბანკია, იანვრამდე უცვლელად გააგრძელებს ოპერირებას, ხოლო იანვარში შედგება კონსოლიდაცია, რის შემდეგაც „ბანკი კონსტანტა" და თიბისი ბანკი ერთი იურიდიული პირის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. 

კონსოლიდაციის შემდეგ ეტაპობრივად მოხდება „კონსტანტას" ბრენდის თიბისის ბრენდქვეშ  გადასვლა - კონსტანტას სახელის, ფერებისა და ლოგოს შეცვლა.  „ბანკი კონსტანტას" ფილიალები გააგრძელებს მუშაობას „თიბისი ბანკი კონსტანტას" სახელით. მომხმარებლები კი კვლავ შეძლებენ ისარგებლონ, „კონსტანტას" მიერ დღეს შეთავაზებული პროდუქტებით, თუმცა პროდუქტების არჩევანს დაემატება თიბისი ბანკის ცალკეული შემოთავაზებებიც. 

„ბანკი კონსტანტა" კომერციული ბანკის სტატუსით 2008 წლიდან ოპერირებს. მისი საქმიანობის სტრატეგიული მიმართულება მიკრო და მცირე ბიზნესისათვის ფინანსური მომსახურების გაწევაა.

თიბისი ბანკი „ბანკი კონსტანტას" მფლობელი 2011 წელს გახდა და ამ დროის განმავლობაში  თიბისი ბანკის მიერ „ბანკი კონსტანტას" განვითარებაში ინვესტირების მოცულობამ დაახლოებით 226 მლნ ლარი შეადგინა. ამ ინვესტიციის შედეგად კონსტანტას მთლიანი პორტფელი 400%-ით გაიზარდა. ამან შესაძლებლობა მისცა „ბანკი კონსტანტას" მომხმარებლებს რეგიონებსა და ქალაქებში, მიეღოთ საჭირო ფინანსური მხარდაჭერა საკუთარი მეურნეობებისა თუ მიკრო ბიზნესების გასავითარებლად.

დღეისათვის „ბანკი კონსტანტა" საქართველოს მაშტაბით არსებული 60-მდე ფილიალის საშუალებით მიკრო და მცირე მეწარმეს ემსახურება.  მისი საკრედიტო პორტფელის ძირითადი ნაწილი მიკრო ბიზნეს სესხებსა და აგრო სესხებს უჭირავს.

„კონსოლიდაციის შემდეგ, მიკროფინანსირება თიბისი ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბდება. ჩვენ ვთვლით, რომ შევძლებთ ჩვენი გამოცდილების ეფექტურად გამოყენებას იმისათვის, რომ განვავითაროთ მიკროფინანსების სეგმენტი და გავამყაროთ ლიდერული პოზიციები მიკროსაფინანსო ბაზარზე. ვფიქრობთ, საქართველოს საფინანსო სექტორისათვის  - ეს ნიშნავს მეტ კონკურენციას მიკროსაფინანსო ბიზნესში და შედეგად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, „კონსტანტას" კლიენტებისათვის - კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, ტექნოლოგიურ სიახლეებს, პროდუქტების ფართო არჩევანს, სტაბილური თანამშრომლობის პერსპექტივას და ა.შ. ხოლო „კონსტანტას" თანამრომლებისათვის -  უფრო მეტი გამოცდილების შეძენასა და პროფესიულ განვითარებას," - განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.   

კონსოლიდაციის პროცესის ფორმალურ მხარესთან, კერძოდ მომხმარებელთა ხელშეკრულებების განახლებასთან დაკავშირებით,  „ბანკი კონსტანტას" კლიენტები დროულად იქნებიან ინფორმირებულნი, რათა ორი ბანკის შერწყმის პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს.