საქართველოს მთავრობა რეგიონებში 2 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას განაგრძობს. იმერეთისა და კახეთის შემდეგ, მთავრობის წევრები ამჯერად რაჭაში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგიონში განხორციელებული პროექტების, ასევე 2015 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მთავრობის წევრების გარდა, საზოგადოებას თავისი ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში გააცნო რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა პარმენ მარგველიძემაც. საქართველოს რეგიონების მოსახლეობისათვის მთავრობის ანგარიშის წარდგენა პროექტ "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა აღნიშნა, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 2014 წელს განხორციელებული ინვესტიციების პორტფელის მოცულობა შეადგენს 18 484 522 ლარს. 2014 წელს მოწესრიგდა კურორტ ლაშიჭალასა და კურორტ ძუღურთან მისასვლელი გზები, 2015 წლისთვის კი დაგეგმილია უწერა–შოვის მიმართულებით 15 კმ–იანი გზის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, პარმენ მარგველიძის განცხადებით, 2013 წელს რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა შეადგენდა 12 191 695 ლარს, ხოლო 2014 წელს აღნიშნული თანხა შეადგენს 13 245 797 ლარს. რეგიონის მასშტაბით განხორციელდა 580–ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. სოფლის დახმარების პროგრამით კი, რეგიონში ხორციელდება 339 პროექტი, რისთვისაც გამოყოფილია 1 586 458 ლარი.
აღნიშნული პროექტების გარდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის გიორგი კობერიძის განცხადებით, მხარეში განხორციელდა 1 582 623 ლარის 52 სხვადასხვა პროექტი, მათ შორის სანიაღვრე არხების და კოლექტორების გაწმენდითი, სოფლის წყალსადენების მოვლა–შენახვის და ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოები. 2013–14 წლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში განხორციელდა 15 394 155 ლარის ღირებულების 8 პროექტი. 2013-2014 წწ–ს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში განხორციელდა 2 პროექტი : ონის წყალსადენის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, რომლისთვის გამოყოფილია 927 073 ლარი და ონში ქუჩის ასფალტირება – 535 315 ლარი.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა განაცხადა,
2013–14 წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში წარმატებით ჩატარდა რთველი. ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძნის ფასმა ორივე წელს 8 ლარი შეადგინა. 2014 წელს შესყიდული ყურძნის ფასმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სრულად შეადგინა 7 მილიონ ლარზე მეტი, ცაგერის მუნიციპალიტეტში 1 157 500 ლარი. ყურძენზე ფასის ზრდამ და სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულმა პროგრამებმა განაპირობა ახალი სავენახე ფართობების ათვისება. 2014 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაშენდა უნიკალური ვაზის ჯიშის (ალექსანდრეულ–მუჯურეთული) 115 000 ძირი, რაც დაახლოებით 40 ჰას შეადგენს, ცაგერის მუნიციპალიტეტში კი ტვიშის ზონაში გაშენდა 8500 ძირი ცოლიკაურის ჯიშის ვაზი.
2014 წელს მოსახლეობას გადაეცა 20 232 აგრობარათი, რისმა სრულმა თანხამ შეადგინა 1 011 600 ლარი. მიმდინარე წელს პირველად საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა შინაური ხილის მიღებაზე სუბსიდირება 1კგ–ზე 8 თეთრის მოცულობით. კომპანია ,,ჯეოფლაუერმა“, რომელიც მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიიღო და გადაამუშავა 241 510 კგ შინაური და 800 ტონამდე გარეული ვაშლი.
რაც შეეხება ჯანდაცვას, გუბერნატორის ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მკურნალობა უკვე დაუფინანსდა რეგიონში მცხოვრებ 7000-ზე მეტ ადამიანს, რაზედაც გადახდილმა თანხამ 612 412 ლარი შეადგინა. მხარეს გადაეცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4 ახალი მანქანა და უახლოეს პერიოდში გადაეცემა კიდევ 7. 2014 წელს რეგიონს შეემატა 4 ახალი ამბულატორია შემდეგ სოფლებში - სადმელი, ღები, ჩიხარეში, სპათაგორი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საჯარო სკოლების კუთვნილი ხარჯებიდან რეგიონში დაფინანსებულია 25 საჯარო სკოლის და 36 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 21 წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად გადაეცა პორტატული კომპიუტერი. უფასო სასკოლო ავტობუსები ემსახურება 40 სკოლას. შესაბამისად ტრანსპორტის მომსახურებით სარგებლობს 660 მოსწავლე.
რაჭის შემდეგ, 2 წლიანი საქმიანობის ანგარიშს მთავრობის წევრები 12 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას წარუდგენენ.