საქართველოს ატლანტიკური საბჭოს განცხადება

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს განცხადება

ფარული მიყურადების თაობაზე კანონპროექტებთან დაკავშირებით უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება არ არის მზად შეცვალოს მიყურადების გაუმართავი სისტემა და ამ მიმართულებით არსებული მანკიერი პრაქტიკა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკებს.  არსებული ვითარების და პრაქტიკის გათვალისწინებით, საწყის ეტაპზე მიზანშეწონილი იქნებოდა  მიყურადების არსებული სამართლებრივი პროცედურის ტექნიკური კომპონენტით გამყარება. პრაქტიკაში ეს ნიშნავს ისეთი სისტემის შემოღებას, როდესაც „გასაღები“ აუცილებლად იქნება ნებართვის გამცემი სასამართლოს ხელში. ეს სისტემა მინიმუმამდე დაიყვანდა უკანონო თვალთვალის ერთ-ერთი კომპონენტის - „მოსმენების“ რისკებს. სატელეფონო მოსმენები მხოლოდ ნაწილია სახელმწიფოს მიერ ფარულ თვალთვალთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებული დიდი პრობლემისა. მოქალაქის პირად ცხოვრებაში შეჭრის რისკების მნიშვნელოვნად შემცირებისთვის საჭირა დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სათანადო მექანიზმების ინსტიტუციონალიზირება.

ფარული თვალთვალის თემა მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი პრობლემიდან, რომელთა წინაშე ეროვნული უსაფრთხოების სექტორი დგას. ეროვნული უსაფრთხოების სექტორი საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმირებას, რათა ერთი მხრივ ეფექტურად შეძლოს ეროვნული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეორე მხრივ კი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცულობა.

საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, 2014 წელს ჩაატარა კვლევა „საქართველო უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვა“ (კვლევის სრული ქართული და ინგლისური ვერსიები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვებგვერდზე - www.acge.ge). კვლევაში მიმოხილულია სექტორში არსებული ვითარება და იდენტიფიცირებულია სამართლებრივი, ინსტიტუციური და ფუნქციური პრობლემები. კვლევაში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობის გაუმჯობესების, მასზე სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლის განმტკიცებისა და უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად რეფორმირების თაობაზე. მხოლოდ ფუნდამენტური რეფორმები უსაფრთხოების სექტორში, და კერძოდ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება, ამ სამინისტროს სამოქალაქო უწყებად ჩამოყალიბება, გახდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის წინაპირობა..

კვლევაში აღნიშნულია, რომ „შსს დღესაც რჩება უზარმაზარ და ცუდად მართულ ორგანიზაციად, რაც რთულს ხდის ორი მთავარი პრობლემის - დემოკრატიული კონტროლისა და გამჭირვალობის მოგვარებას და მის სწორ ფუნქციონირებასა და მართვას“. შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა, პოლიციური და კონტრდაზვერვითი ფუნქციების უწყებებს შორის გამიჯვნა, პოლიტიკური, საჯარო სამსახურისა და პოლიციური თანამდებობების მკაფიო გამიჯვნა მთავარი და აუცილებელი კომპონენტები უნდა გახდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებისათვის. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების სისტემის აღმასრულებელი რგოლების შიდა ურთიერთკონტროლის, მათზე საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების დახვეწა. ასეთი რეფორმები აუცილებელია სამართალდამცავი სისტემის ანგარიშვალდებულობის, გამჭვირვალობისა და ეფექტურობის გაუმჯობესებისათვის, რაც საბოლოოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთლიანად უსაფრთხოების სისტემას დასავლურ, დემოკრატიული მმართველობის სტანდარტებს დაუახლოვებს.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აუცილებლად მიაჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნდამენტური, სისტემური რეფორმა, რათა მთლიანად სამართალდამცავი სისტემის შემადგენელი ნაწილები ჩამოყალიბდნენ ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუტებად, რომლებიც სრულადაა დაქვემდებარებული დემოკრატიულ და სამოქალაქო კონტროლს, თავისუფალია პარტიული გავლენებისაგან და შეესაბამება თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს. ამასთანავე, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ასეთი რეფორმები  უსაფრთხოების სექტორს ბევრად უფრო ეფექტურს გახდის და კარგი იქნება ქართული დემოკრატიისათვის. საქართველოს ატლანტიკური საბჭო მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებზე.