საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი :
„მოგესალმებით. ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს დიდ მეგობარს, ბატონ ანდრის ბერზინშს.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა სწორედ დღეს, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე კიდევ ერთხელ მწვავედ დადგა ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციამ გადადგა კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და ოკუპირებულ აფხაზეთთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელსაც, ფაქტობრივად, ეს ოკუპაცია ანექსიისკენ მიჰყავს.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბალტიის ასამბლეა იყო პირველი, რომელმაც დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან ამ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება.
ჩვენი ლატვიელი კოლეგების ასეთი წარმომადგენლობითი ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. აქ ჩვენ ვხედავთ მეგობრობას, მხარდაჭერას, მნიშვნელოვან აქცენტებს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევნის მხარდაჭერას.
მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს კოლეგებს ლატვიიდან, იმისათვის, რომ ლატვიის პარლამენტმა ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია და საქართველოს გაუხსნა გზა ევროკავშირისაკენ.
შეხვედრისას ჩვენ დიდი ყურადღება დავუთმეთ ბალტიისა და შავი ზღვის აუზის რეგიონებს შორის თანამშრომლობას. მოგეხსენებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელსაც საქართველო ავითარებს რეგიონში, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ქვეყანა, რომელიც აკავშირებს კასპიის ზღვასა და შავ ზღვას. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ პროცესის უფრო გაღრმავება და მასში ჩვენი ბალტიელი კოლეგების ჩაბმა ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ლატვიის, როგორც მომავალ წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, როლს და იმ თანამშრომლობას, რომელსაც ჩვენ გავაღრმავებთ ამ მიმართულებით. ჩვენ აგრეთვე ვისაუბრეთ დიდი პოტენციალის მქონე ორმხრივ ურთიერთობაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამშრომლობის ფორმატი ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველთვის იყო და არის განსაკუთრებით წარმატებული, როგორც ორმხრივ, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფორმატში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდეს და ამ თვალსაზრისით ამ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხელი ეწერება ხელშეკრულებებს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან.
ხაზგასმით მინდა მადლობა ვუთხრა ლატვიის პრეზიდენტს და მთელ ლატვიელ ხალხს, იმ მხარდაჭერისა და ინტერესისათვის, რომელიც, თუნდაც ამ ვიზიტის ფარგლებში, ნათლად გამოვლინდა. ჩვენ გვესტუმრა დელეგაცია, რომელშიც 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, და განსაკუთრებით მისასალმებელია ის, რომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლები უაღრესად აქტიურად არიან ჩაბმული ამ პროცესში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორი ბიზნესფორუმი, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და დარწმუნებული ვარ, რომ იმ ძალიან წარმატებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც ფონად გასდევს ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის, დაემატება ურთიერთობის გაღრმავება ბიზნესისა და კულტურის სფეროში.
კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს მისი პირადი თანადგომისათვის. დღეს შეხვედრისას გავიხსენე ჩემი პირველი ვიზიტი ვილნიუსში; ბატონი ბერზინში იყო პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იქ შევხვდი და პირადი ურთიერთობა დღესაც გრძელდება. მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი საერთაშორისო ფორუმებზე, იქნებოდა ეს ვილნიუსის, უელსისა თუ სხვა შეხვედრები.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩამობრძანებისთვის."