საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით, საქართველოში სათესლე მასალის სერთიფიცირების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას მეთესლეობის სერთიფიცირების სისტემის ფორმულირებაში ჩართული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და მეცნიერები ესწრებოდნენ.
ბოლო წლებში სასურსათო წარმოება შესამჩნევად გაიზარდა, თუმცა დარგის ერთ- ერთ მთავარ სირთულედ ფართობის მიხედვით მოსავლიანობის დაბალი მაჩვენებლია. ამის ძირითადი მიზეზი სათესლე და სარგავი მასალის დაბალი ხარისხია.
როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, გაეროს სურასათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელშეწყობით, სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის განვითარებაზე მუშაობს. სისტემა მოიცავს როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი წარმოების სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირებას. მუშაობა მიმდინარეობს სისტემის პროცედურების, საკანონმდებლო და ლაბორატორიული უზრუნველყოფის კუთხით.
თესლის სერტიფიცირება მოსავლიანობის ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. მოსავლიანობის ზრდა კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს სოფლად შემოსავლის ზრდას და სიღარიბის შემცირებას.
შეხვედრაზე მონაწილეებს სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის საქართველოსათვის ოპტიმალური საპილოტე ვერსია წარედგინა, ხოლო დისკუსიის შედეგად წამოჭრილი საკითხები და მიღებული კომენტარები დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბების დროს იქნება გათვალისწინებული.