„არემჯის“ საქმიანობის შეფერხება სერიოზული პრობლემაა მთელი ქვეყნისათვის

„არემჯის“ საქმიანობის შეფერხება სერიოზული პრობლემაა მთელი ქვეყნისათვის

„საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ორგანიზებით, სასტუმრო  „რედისონში“ გაიმართა კვლევის „რიჩ მეტალს გრუპი - საქმიანობის სოციალ-ეკონომიკური შედეგების შეფასება და გავლენა ეკონომიკაზე“ პრეზენტაცია. ეკონომიკის ექსპერტებმა ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ და ნოდარ ჭიჭინაძემ წარმოადგინეს კვლევაში ასახული ტენდენციები ოქროს მოპოვებისა და გადამუშავების მთლიანი დარგის და ოქროს შენადნობების ექსპორტის კუთხით დღეს არსებული პრობლემების შესახებ. 

როგორც კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ეკონომიკის ექსპერტმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა,  კომპანიის სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და მთლიანად ოქროს მოპოვებისა და გადამუშავების დარგის განვითარების კუთხით, დღეს რიგი პრობლემები და ხელისშემშლელი გარემოებები არსებობს ინვესტორისთვის. „იმის გამო, რომ სახელმწიფოს მხრიდან რიგი ტექნიკური საკითხების მოუგვარებლობის გამო კომპანია „არემჯის“ არ ეძლევა სრულფასოვანი საქმიანობის შესაძლებლობა, რეგიონიც და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად მილიონობით ლარს კარგავს. ამასთან, დღეს უკვე დასამალი აღარ არის, რომ თუ არსებული მდგომარეობა არ შეიცვალა, არის რეალური საფრთხე, კომპანიაში დასაქმებულმა 3000 ადამიანმა სამუშაოს დაკარგოს. ეს სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისათვის“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

„საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ხელმძღვალელმა ლევან კალანდაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანია „არემჯის“ როლი და წვლილი მეტად მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში და ექსპორტში. შესაბამისად, ხელისუფლება მეტი ყურადღებით და გულისხმიერებით უნდა ეკიდებოდეს იმ პრობლემების დრუულ გადაწყვეტას, რაც დღეს ერთი მხრივ ინვესტორს და მეორე მხრივ, მადნეულის მოპოვებისა და გადამუშავების მთელ დარგს გააჩნია.